ბოჭორიშვილის თქმით, პოლონეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც საქართველოში არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია.
„არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოიყენოს შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის და ამ პროცესში ბრიუსელი პოლიტიკურად ჩართოს.
„ძალიან ხშირად სპეკულირებს ამ თემით ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა. პოლონეთის მხრიდან ეს ერთგვარად კოორდინირებულ მოქმედებებს ჰგავს“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი განცხადებით, მიუხედავად მცდელობებისა, ამ ინიციატივას ევროკავშირში ფართო მხარდაჭერა არ აქვს:
„ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ბრიუსელში, თუმცა ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოყენებულ იქნას ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, — აღნიშნა ბოჭორიშვილმა და დაამატა, რომ ეს პროცესი „მაშინ ხდება, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით“.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე საუბრისას, გუშინ, საქართველოს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეეხო. ტუსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში, მხარს დაუჭერს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ ქვეყნებთან, საიდანაც მიგრაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, თუმცა დაადასტურა, რომ პოლონეთი მზად არის, გამოიყენოს არსებული მექანიზმები უვიზო მიმოსვლის შეზღუდვისთვის.