პოლონეთი, რუმინეთი, სომხეთი… – “წალამი” ექსპორტისთვის ემზადება

პოლონეთი, რუმინეთი, სომხეთი… – “წალამი” ექსპორტისთვის ემზადება

შესაწვავად საჭირო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “წალამი” ექსპორტის მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნატა ეჟიშვილმა ისაუბრა.

„წალამი“ 2012 წელს დაფუძნდა. კომპანია ქართულ ვაზის ნასხლავისგან ეკოლოგიურ პროდუქტს ამზადებს, რომლითაც ხორცისა და ბოსტნეულის შეწვა შეიძლება.

ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, კომპანიაში ექსპორტის მიმართულებით განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრებთან უკვე მიმდინარეობს. პრიორიტეტულ მიმართულებად აღმოსავლეთ ევროპა სახელდება. “წალამი” ექსპორტის დაწყებას წელს გეგმავს.

“ვმუშაობთ საექსპორტო სტრატეგიაზე. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ფოკუსს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებზე ვაკეთებთ, მათ შორის პოლონეთზე, რუმინეთსა და სომხეთზე. ვინაიდან, ეს ქვეყნები ღია ცეცხლზე ხორცის შეწვის კულტურით განსაკუთრებით გამოირჩევიან. ლოგისტიკის თვალსაზრისითაც, ეს ბაზრები სახმელეთო გზებით მარტივად მისადგომია, რაც მცირე წარმოებისთვის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ რეგიონებს განვიხილავთ როგორც სტრატეგიულად რეალურ საექსპორტო მიმართულებებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ამჟამად პროდუქტი ხელმისაწვდომია როგორც თბილისსა და დიდ ქალაქებში, ისე სოფლის მაღაზიებში და მცირე გაყიდვის წერტილებში.

2023 წელს ბრენდმა 43%-იანი ზრდა დააფიქსირა. 2024 წელს კი შიდა ოპტიმიზაცია, სისტემების გაუმჯობესება და სტანდარტიზაცია განხორციელდა. ეს იყო გარდამავალი წელი, სტაბილურობისა და საექსპორტო ფაზისთვის მომზადების თვალსაზრისით. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2025 წლის პირველ ხუთ თვეში პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია”, – ამბობს “წალამის” წარმომადგენელი.

კომპანია ნედლეულს პარტნიორი მევენახეებისგან იღებს და ყოველწლიურად ზრდის როგორც წარმოებას, ისე რეალიზაციას. თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წელს, უხვი ნალექის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთხოვნის შემცირება შეინიშნება.

„წალამი“ დაახლოებით 20-25 ადამიანს ასაქმებს, დამატებით კი ჰიბრიდული სამუშაო მოდელით თანამშრომლობს ადგილობრივებთან. პროდუქტის ორი ძირითადი ფორმით — ღია ცილინდრული და მუყაოს შეფუთვით ყიდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *