პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ოპოზიციურმა კანდიდატმა, ევროსკეპტიკოსმა და კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. პოლონური მედია, საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ოპოზიციური პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ კანდიდატმა ხმების 50,89% მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ცენტრისტული სამოქალაქო პლატფორმის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ, 49,11% მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის საწყისი შედეგებით მცირე უპირატესობით ტრჟასკოვსკი ლიდერობდა, თუმცა გვიან საღამოს გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებმა საპირისპირო სურათი აჩვენა – ნავროცკიმ ხმების 51% და ტრჟასკოვსკიმ 49% აიღო. როგორც ეხო კავკაზა წერს , 42 წლის კაროლ ნავროცკი პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას და უკრაინის ნატოში მოწვევას. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტად არჩევა არა მხოლოდ ევროკავშირში ურთიერთობების ესკალაციას, არამედ ლიბერალურ მთავრობასა და კონსერვატორ პრეზიდენტს შორის შიდა პოლიტიკურ კრიზისსაც გამოიწვევს. პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში იწურება.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა
