“პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ. პრემიერი საქმის კურსში არ იყო” – გომელაური

რა სანქციებით წავიდა “ქართული ოცნების” მთავრობიდან ვახტანგ გომელაური?
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დადგმის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო და საქმის კურსში არც პრემიერი იყო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

საქმე ისაა, რომ გომელაური პროკურატურამ ჩორჩანას ეპიზოდის გამოძიებაზე მოწმის სახით დაიბარა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. უწყებამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანია 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. გომელაური 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა სუს-ის უფროსის პოზიციას.

გომელაურის თქმით, “შესაძლოა ომის წინაშეც დავმდგარიყავით”. მან ასევე განაცხადა, რომ საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგი იყო როგორც ის პირადად, ასევე მთელი სამსახური.

გიდასტურებთ რომ შეთანხმება არ ყოფილა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. საქმის კურსში არ იყო პრემიერ-მინისტრი. მთავარი არ არის, ვიყავი თუ არა საქმის კურსში, მთავარია, რომ საგუშაგო არ უნდა დადგა იქ, სადაც გინდა. ჩვენი ტერიტორიაა, რა თქმა უნდა, აქეთაც და იქითაც, თუმცა სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ”,- განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ “როგორც ახსოვს, პრემიერი საქმის კურსში მან ჩააყენა”.

კითხვაზე, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მიიღო, გომელაური კონკრეტულ პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ რა უფლებამოსილებაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს აქვს, ის გააკეთა.

„რა გამეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს, მივსულიყავი და ტრაქტორები მომეტაცებინა? რაც ჩემი უფლებამოსილება იყო, ის გავაკეთე. დეტალებს ვერ მოვყვები”,- თქვა გომელაურმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *