საქმე UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორის, ბრაიან ტომპსონის მკვლელობას ეხება, რომლისთვისაც პოლიციამ ახალგაზრდა მონაცემთა მეცნიერი, ლუიჯი მანჯონე დააკავა. ეჭვმიტანილი და ახლა უკვე ბრალდებული პოლიციამ პენსილვანიის ქალაქ ალტუნაში, McDonald’s-ში მას შემდეგ დააკავა, რაც რესტორნის თანამშრომელმა ის ახალ ამბებში ნანახ პიროვნებას დაამსგავსა და პოლიციას დაუკავშირდა.
ლუიჯი მანჯონეს ჩხრეკისას სამართალდამცავმა უწყებებმა ხელნაკეთი იარაღი და მანიფესტი ამოიღეს, რომელიც, როგორც ირკვევა, მეტად ანტიკაპიტალისტური ნარატივით გამოირჩევა, განსაკუთრებით სადაზღვევო კომპანიების მიმართ. ეს დოკუმენტი საჯარო არ არის, მაგრამ, როგორც ანონიმური წყარო Bloomberg-თან ჰყვება, ლუიჯი მანჯონემ წინასწარ მოიხადა ბოდიში ტკივილისთვის, რომელსაც კონკრეტულ მხარეებს მიანიჭებდა და დასძინა, რომ სადაზღვევო სექტორი ამ ნაბიჯს იმსახურებდა. როგორც აღმოჩნდა, ლუიჯი მანჯონე უნაბომბერის სახელით ცნობილი ტერორისტის, ტედ კაჩინსკის შემოქმედებას იცნობდა და იწონებდა.
როგორც აშშ-ის მთავარი პროკურორის განცხადებაში ვკითხულობთ, ლუიჯი მანჯონეს მიერ ორი შვილის მამის, უდანაშაულო ბრაიან ტომპსონის მოკვლა წინასწარ დაგეგმილი ცივსისხლიანი ქმედება იყო, რომელმაც მთელი ამერიკა გააოგნა. პამელა ბონდის თქმით, ლუიჯი მანჯონესთვის ის სიკვდილით დასჯას ითხოვს, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის “უსაფრთხო ამერიკის” პროგრამასთანაა თანხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომპსონი ნიუ-იორკის ფინანსური ცენტრის შუაგულში, მანჰეტენის კუნძულზე მოკლეს. შემთხვევა New York Hilton Midtown-თან მოხდა, სადაც UnitedHealthcare-ის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა იმართებოდა. UnitedHealthcare-ში ბრაიან ტომპსონი 140,000-იან შტატს ხელმძღვანელობდა. თავად ეს კომპანია UnitedHealth Group-ის შვილობილია. ჰოლდინგური კომპანიის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ის $478 მილიარდად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით, ჯანდაცვის და დაზღვევის სექტორებში ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. 2024 წელს, UnitedHealth Group-მა $400 მილიარდის შემოსავალი და $20 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო.