საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ პურის მწარმოებლებს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის შემოწმებას და შედარებას სთავაზობს. ამის შესახებ გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ პურის მცხობელები დარგობრივ სამინისტროს ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვას სთხოვენ. მიზეზად ბაზარზე გადასახადის გამო, იმპორტირებული ფქვილის გაზრდილ ფასს და სხვადასხვა ხარისხის ფქვილზე ფინანსური ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ასახელებენ. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის დამაბალანსებელი გადასახადი ამოქმედდა, მეპურეებს რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, ამიტომ მწარმოებლები იძულებული არიან მხოლოდ ადგილობრივ წისქვილებში წარმოებული ფქვილი იყიდონ, რომლის ხარისხობრივი პარამეტრები მეპურეებისთვის არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ იზიარებენ მეპურეთა შეფასებებს იმის შესახებ, თითქოს, ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქვეყანაში რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და იმ შეფასებას, რომ რუსული ფქვილის საქართველოში წარმოებულზე უკეთესია.
აქედან გამომდინარე, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მეპურეებს მიმართავს:
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ უკვე გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ გამოშვებული ბაზარზე არსებული ფქვილის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტთან და თავისი ხარისხობრივი პარამეტრებით არა თუ არ ჩამოუვარდება – უმეტეს შემთხვევაში აღემატება კიდევაც შესაბამის რუსული ფქვილის პარამეტრებს. თუმცა პურის მწარმოებლებს კვლავ განსხვავებული შეხედულება აქვთ .
შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესაში და ტელევიზიაში ისევ ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს .
აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია საქართველოს წისქვილ-კმბინატების მიერ გამოშვებული და იმპორტირებულ რუსული ფქვილის ხარისხის შესახებ, მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარების მიზნით, ვთაზობთ პურის მწარმოებლებს, მათ მიერ შერჩეული ნებისმიერ დამოუკიდებელი და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ :
1. მოხდეს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება. ტექნიკურ რეგლამენტთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2. მოხდეს ქართული და რუსული წარმოების პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარება
3. ქართული და რუსული ფქვილის ნიმუშების აღება მოხდეს – პურის მწარმოებლის , ფქვილის მწარმოებლის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ნიმუშების აღების დადგენილი წესის შესაბამისად.
საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ფქვილის ხარისხის შემოწმების და ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარების შედეგები ეცნობოს საზოგადოებას”, – ნათქვამია ფქვილის მწარმოებელთა გაერთიანების განცხადებაში.
ცნობისთვის, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში კი, 3%-ით.
რაც შეეხება ფქვილს, იმპორტი თანხაში 39.2%-ით 2.8 მლნ აშშ დოლარამდე, რაოდენობაში კი 50%-ით 9,247 ტონამდეა შემცირებული. მთავარი იმპორტიორი ტრადიციულად კვლავ რუსეთია.
ფქვილის იმპორტის შემცირების მიზეზი მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 200 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. გადასახადის დაწესება, მეწარმეებისა და სამინისტროს განმარტებით განპირობებული იყო რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესებით, რამაც ფქვილის იმპორტი დრამატულად გაზარდა, ხორბლის კი შეამცირა. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მაშინ ამბობდა, რომ გადასახადი “თანაბარ პირობებს უზრუნველყოფდა”.