რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ. როგორც რუსული გამოცემა TASS წერს, დოკუმენტი სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა.
მოქალაქეობის მისაღებად ასეთ განმცხადებლებს არ დასჭირდებათ რუსეთის ფედერაციაში მუდმივი საცხოვრებლის მოთხოვნების დაცვა, რუსული ენისა და რუსული ისტორიის ცოდნა.
დოკუმენტის მიხედვით, მუდმივად მცხოვრებ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ამ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. თუ ისინი უკვე ცხოვრობენ რუსეთში, შეუძლიათ მიმართონ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.