უკრაინაში მიმდინარე ომმა, აშშ-ჩინეთის დაძაბულობამ, ირანი-ისრაელის დაპირისპირებამ, ინდოეთი-პაკისტანის უთანხმოებამ და ჩრდილოეთ კორეის გააქტიურებამ გააჩინა შიშის გრძნობა იმასთან დაკავშირებით – არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომ კაცობრიობა ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს?
ამჟამად ბირთვული იარაღი ოფიციალურად ცხრა ქვეყანას აქვს. აშშ და რუსეთი მსოფლიოს ბირთვული არსენალის უდიდეს ნაწილს ფლობენ. დანარჩენ ბირთვულ სახელმწიფოებს – ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას – შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შეიარაღება აქვთ. მართალია, სიაში ირანი არ არის მოხსენიებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბირთვული იარაღი მასაც ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების უმეტესობა გარკვეული ბირთვული ეთიკისა და თავშეკავების პრინციპების მიხედვით მოქმედებს, თითოეული მათგანის ჩართვა პოტენციურ კონფლიქტში, შესაძლოა, ბირთვულ ესკალაციამდე მივიდეს.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხე განსაკუთრებით თვალსაჩინოა. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კრემლის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ბირთვულ რიტორიკას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკური პროვოკაციებისა, ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მოსალოდნელი არ არის, რადგან ასეთი ნაბიჯი გეოპოლიტიკურ თვითგანადგურებას გამოიწვევს.
საერთაშორისო დაძაბულობის მეორე ცხელი წერტილი ტაივანია. ჩინეთი ღიად აცხადებს, რომ ტაივანი მისი განუყოფელი ნაწილია და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ძალით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ტაივანის მხარდაჭერის შემთხვევაში, აშშ-ის ჩართვა ბირთვული დაპირისპირების რეალურ საფრთხეს შექმნის. თუმცა როგორც ვაშინგტონში, ასევე პეკინში, სრულად აცნობიერებენ ამ სცენარის კატასტროფულ შედეგების და ცდილობენ, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს თავი აარიდონ.
ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩრდილოეთ კორეას – ქვეყანას, რომელმაც ბირთვული იარაღის დემონსტრირება თითქმის რეგულარულ პრაქტიკად აქცია. ფხენიანის ქმედებები აშკარა პროვოკაციებია იაპონიისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეჟიმს სრულად გაცნობიერებული აქვს პირდაპირი შეტევის შემთხვევაში საკუთარი განადგურების გარდაუვალობა, რაც თავშეკავების მთავარ მექანიზმად ფუნქციონირებს.
ზოგადად, ბირთვული ომის თავიდან აცილების ყველაზე ძლიერი განმაპირობებელი ფაქტორი “გარდაუვალი ურთიერთგანადგურების” კონცეფციაა (Mutual Assured Destruction). როდესაც ორი ბირთვული სახელმწიფო აცნობიერებს, რომ ომის შემთხვევაში, ორივე განადგურდება, ეს ქმნის ერთგვარ სტაბილურობას – პარადოქსულ თავდაცვით ბარიერს. სწორედ ეს პრინციპი გახდა ცივი ომის პერიოდში ბირთვული ომის თავიდან აცილების საფუძველი და ის დღესაც ანალოგიური პრინციპით ფუნქციონირებს. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოთქმა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს, რადგან მას ვერცერთი მხარე ვერ გადაურჩება.
თანაც, ამას ემატება საერთაშორისო შეთანხმებები, როგორიცაა New START, რომელიც ბირთვული არსენალის შეზღუდვასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეთანხმება ბოლო წლებში გაუქმდა ან არ განახლდა, დიპლომატიური არხები მაინც აქტიურია და მათი არსებობა კრიზისების დარეგულირებას ემსახურება, ისევე როგორც ეს ბოლოს ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირების შემთხვევაში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ომის საფრთხე თეორიულად ნამდვილად არსებობს, მისი პრაქტიკული რეალიზება დღევანდელი საერთაშორისო წესრიგისა და თავშეკავების მექანიზმების პირობებში, თითქმის შეუძლებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაბირთვული, ანუ ტრადიციული ომის საფრთხე არ არსებობს, რასაც რუსეთ-უკრაინის მაგალითიც ცხადყოფს.