რამდენი მილიარდი დაუზოგა მასკის DOGE-მა ამერიკის ბიუჯეტს

ტრამპი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დახურვაზე მიანიშნებს
ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელიც აშშ-ის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისთვის შეიქმნა, აცხადებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოველკვირეულად საშუალოდ 10 მლრდ დოლარზე მეტის დაზოგვაში ეხმარება ქვეყანას.

“საუბარია უკვე დაახლოებით 200 მლრდ დოლარზე და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება”, – უთხრა ტრამპმა BBC-ის 23 აპრილის ინტერვიუში.

DOGE სახელმწიფო უწყებებში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაზე, გრანტების და დახმარებების შეკვეცაზეა ორიენტირებული, როგორც თავად ხსნიან, ისინი ებრძვიან კორუფციას და ამცირებენ საბიუჯეტო ორგანიზაციების შრომის ხარჯებს თანამშრომელთა რაოდენობის შეკვეცით.

რამდენი დაუზოგა მასკის დეპარტამენტმა ამერიკის ბიუჯეტს სინამდვილეში, შესაბამისი რიცხვები BBC-მ გააანალიზა.

“ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ ცალკეული დიდი რიცხვის უკან შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს”, – წერს BBC.

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში, მასკმა პირობა დადო, რომ ამერიკის ფედერალურ ბიუჯეტს სულ მცირე 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვაში დაეხმარებოდა. თუმცა 10 აპრილს საუბრისას, ეს სამიზნე მაჩვენებელი გაანახევრა. აღსანიშნავია, რომ გასული ფისკალური წლის თანახმად, ამერიკის ბიუჯეტის მოცულობა 6.75 ტრილიონი დოლარია.

მასკის DOGE ოფიციალურ ვებგვერდზე დაზოგილი თანხების სტატისტიკებს აქვეყნებს, რომელიც 27 აპრილის მონაცემებით, 160 მლრდ დოლარია. თუმცა, როგორც BBC წერს, ამ რიცხვის ნახევრის შემთხვევაში არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტი ან მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ ამერიკული მედიაც წერდა ცალკეულ ბუღალტრულ შეცდომებზე, მათ შორის იმაზეც, რომ DOGE-ის განცხადებით, საიმიგრაციო კონტრაქტის გაუქმებით 8 მილიარდი დოლარი დაიზოგა, თუმცა ამ კონტრაქტების საერთო ღირებულება 8 მილიონი დოლარი იყო.

როგორც BBC წერს, DOGE ამბობს, რომ მუშაობს ყველა ქვითრის ატვირთვაზე გამჭვირვალობისთვის და რომ 20 აპრილის მდგომარეობით, მას გამოქვეყნებული აქვს საერთო დანაზოგის დაახლოებით 30%-ის დამამტკიცებელი ქვითრები. მასკის უწყება ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ ცალკეულ ქვითრებს ვერ ტვირთავს იმის გამო, რომ “იურიდიული მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არაა”.

ილონ მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ტრამპის მეორე ადმინისტრაციის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად სამთავრობო ხარჯების შემცირება დაისახა. აღსანიშნავია, რომ მასკი მისი ხელმძღვანელის პოსტის დატოვებას გეგმავს. როგორც მან დაახლოებით ერთი თვის წინ თქვა, DOGE უკვე კარგად მუშაობს და შეუძლია მისი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *