რამდენს მიიღებს ლეო XIV ხელფასის სახით?

რა ვიცით ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის შესახებ?
ამერიკული Sacred Heart University-ის პროფესორის, დანიელ რობერის ინფორმაციით, რომის პაპის თვიური ხელფასი €30,000-ის, ანუ $33,800-ის ტოლია, რაც წელიწადში დაახლოებით $405,600 გამოდის, ანუ რომის პაპი დაახლოებით იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც აშშ-ის პრეზიდენტი. თუმცა პაპობა გაცილებით მეტია, ვიდრე სამსახური და თან, რომის კათოლიკური ეკლესია პაპის ყველა ხარჯს ანაზღაურებს, შესაბამისად, ლეო XIV-მ, შესაძლოა, ხელფასზე უარი თქვას და ის ქველმოქმედებას შესწიროს, როგორც ეს მისმა წინამორბედმა, პაპმა ფრანცისკემ გააკეთა.

2025 წლის 8 მაისს, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კონკლავმა ახალი რომის პაპი აირჩია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიის ისტორიაში პირველად, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ამერიკელი კარდინალი, რობერტ ფრენსის პრევოსტი დაიკავებს, რომელიც ამიერიდან ლეო XIV-ის სახელით იქნება ცნობილი. ახალი რომის პაპის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ღვთისმსახურებას დაუთმო, რაც უმეტესწილად, არასაჯარო საქმიანობაა.

არსებობს მოსაზრება, რომ შემოსავლის და ქონების მხრივ, ახალი პაპი მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს ფილოსოფიას გააგრძელებს. შესაბამისად, პირად შემოსავალს არც პაპი ლეო XIV აიღებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომის კათოლიკური ეკლესია პაპის ყველა საცხოვრებელ ხარჯს დაფარავს. ისე კი, დიდი შემოსავალი ახალ პაპს არც კარდინალობის პერიოდში ჰქონდა, როცა მისი თვიური ხელფასი €5,000-მდე იყო. ფლობს თუ არა ახალი პაპი პირად ქონებას, უცნობია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მდიდარი იყოს.

ქრისტიანულ სამყაროში რომის კათოლიკური ეკლესია უდიდესი დენომინაციაა, რომლის მოძღვრებას 1.4 მილიარდი ადამიანი იზიარებს, ანუ ქრისტიანების ნახევარზე მეტი და მსოფლიოს მოსახლეობის 17%. რომის ეკლესიის ცენტრი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანია, მაგრამ თავად ეკლესია, რომელსაც 400,000-ზე მეტი მღვდელი წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში ოპერირებს. შესაბამისად, პაპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირია პლანეტაზე. ამიტომაც, ხელფასის გარდა, რომის ეკლესია პაპის ყველა ხარჯს ანაზღაურებს, მათ შორის გადაადგილებას, უსაფრთხოებას, ჯანდაცვას. პაპის ნაცვლად, ვატიკანი მის საპენსიო ფონდსაც შეავსებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *