რამდენ უსახლკარო ოჯახს უყიდა სახლი სახელმწიფომ 2024 წელს? – კობახიძის ანგარიში

რამდენ უსახლკარო ოჯახს უყიდა სახლი სახელმწიფომ 2024 წელს? – კობახიძის ანგარიში
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლი 200-მდე უსახლკარო ოჯახს შეუძინა. დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, რომელ რეგიონებში მოხდა შესყიდვები.

„2024 წელს უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი (3 და მეტი), სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამის ფარგლებში, განხილულია 824 ოჯახის საკითხი, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 570 ოჯახთან დაკავშირებით. საიდანაც, დღეის მდგომარეობით, უკვე 200-მდე ოჯახს სახელმწიფომ შეუსყიდა საცხოვრებელი სახლი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო.

პროგრამით, ხელისუფლება 1000-მდე ოჯახს სახლს გადასცემს. პროგრამა ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება, ბიუჯეტი კი 50 მილიონი ლარია.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. დადგენილების მიხედვით, საცხოვრისი შეიძლება გადაეცეს ოჯახს, რომელიც ან სრულიად უსახლკაროა ან გააჩნია საცხოვრისი, თუმცა, მისი ღირებულება ნაკლებია 50,000 ლარზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *