ბოლო დროის ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ენერგოკოლაფსმა შეაფერხა ფრენები, სატრანსპორტო ხაზები, მობილური კომუნიკაცია და საბანკო სერვისები.
როგორც ესპანეთის ელექტრომომარაგების ოპერატორი, Red Electrica იტყობინება, ესპანეთში ელექტროენერგიის მოთხოვნის 99% უკვე აღდგა. პორტუგალიური ქსელის ოპერატორი REN კი იტყობინება, რომ 89 ელექტროსადგური უკვე ამუშავებულია და ელექტროენერგია 6.4 მილიონ მომხმარებელს აღუდგა. გაიხსნა სკოლები და კერძო დაწესებულებებიც, თუმცა ესპანეთის ხელისუფლებას არ აქვს პასუხი კითხვაზე, რამ გამოიწვია ევროპის ყველაზე მასშტაბური გათიშვა. 49 მილიონ მოსახლიანმა ქვეყანამ ეროვნული მოთხოვნის 60% 5 წამზე ნაკლებ დროში დაკარგა, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტო შემთხვევაა.
როგორც ესპანეთის ელექტრომომარაგების ოპერატორი კომპანიის სისტემური ოპერაციების დირექტორმა, ედუარდო პიერტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორშაბათს, საყოველთაო უშუქობამდე, ქსელში ზედიზედ ორი გათიშვა დაფიქსირდა, რისი მიზეზის დასადგანადაც დამატებითი გამოძიებაა საჭირო.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტო AEMET-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ არის დაფიქსირებული “უჩვეულო მეტეოროლოგიური ან ატმოსფერული ფენომენი” და არც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დაუფიქსირებია ამინდის რომელიმე სადგურს.
კიბერთავდასხმისა და საბოტაჟის ვერსია უარყო პორტუგალიის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა, რომლის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმის კვალი არ იკვეთება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ასევე გამორიცხა კიბერთავდასხმა, ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა რიბერამ კი საბოტაჟის ვერსია გააბათილა. მისივე თქმით, “აღნიშნული კოლაფსი ერთ-ერთი ყველზე სერიოზული ეპიზოდია ბოლო დროის ევროპაში”.
Red Electra-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორშაბათ ღამით დაფიქსირდა” დენის ნაკადის ძლიერი რხევა, რამაც გენერაციის არსებითი კლება გამოიწვია”. ესპანური ქსელი ევროპული ქსელიდან გამოითიშა, რასაც შემდეგ პორტუგალიური ქსელის შეფერხება მოჰყვა.
კომპანია Aurora Energy-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქსელის სიხშირე ნომინალური 50Hz-დან 49.85Hz-მდე დაეცა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საგანგებო ვითარების პროტოკოლის ამოქმედება.
“სიხშირის შემცირება, სავარაუდოდ, სამხრეთ საფრანგეთში ან ესპანეთში მაღალი ძაბვის ქსელების მწვავე რხევებმა გამოიწვია. ჰიპოთეზა მოიაზრებს როგორც ფიზიკურ დაზიანებას, ასევე ესპანეთში გენერაციის უცაბედ გაწყვეტას და ატმოსფერულ ფენომენს”, – აღნიშნულია Aurora Energy-ის ანალიტიკოსთა შეფასებაში.
კოლაფსის მომენტში ესპანეთიდან ელექტროენერგია საფრანგეთსა და პორტუგალიას მიეწოდებოდა. ადგილობრივი დროით 10:00 საათამდე საფრანგეთში ექსპორტის ნიშნულები წმინდა საექსპორტო სიმძლავრესთან ახლოს იყო, 12:35 საათიდან კი ექსპორტი შეწყდა.