საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი Aimbridge Hospitality საქართველოში “ალიანს ჯგუფთან” პარტნიორობით, გონიოში საერთაშორისო სასტუმროთა ქსელ Wyndham Grand Residences-ს უხელმძღვანელებს. იმ კონკურენტულ უპირატესობებზე, რომლებსაც კერძო სექტორს Aimbridge-თან თანამშრომლობა აძლევს, გადაცემა “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი, არმინ ებერჰარდი საუბრობს.
“როდესაც Aimbridge ახალ ბაზარზე შედის, ცდილობს, რომ დაუყოვნებლივ გახსნას თავისი წარმომადგენლობა და დაამკვიდროს თავისი ცოდნა სასტუმროს ოპერირებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, კომერცია, მოგების სტრატეგია და მენეჯმენტი, ასევე IT მიმართულება. ეს მფლობელებს და პარტნიორებს საშუალებას აძლევთ, ახლო, პირდაპირი და უშუალო წვდომა ჰქონდეთ ჩვენს კომპეტენციაზე. ჩვენ პირდაპირ ვართ ჩართული პროექტის მშენებლობაში და ჩვენი სასტუმროების გუნდებისთვის გვაქვს მხარდაჭერის შესაძლებლობა ადგილზევე.
Aimbridge Hospitality-ის უკვე აქვს ოფიციალური მონაცემები ბაზარზე ჩვენი ოპერირების, ასევე, იმ სტანდარტების შესახებ, რომლითაც ჩვენს ბიზნესს ვმართავთ. საშუალოდ ყოველ წელს 10 ახალ ობიექტს ვხსნით. ჩვენი ტექნიკური ცოდნა და საოპერაციო გამოცდილება უზრუნველყოფს, რომ ჩვენი პარტნიორები და დეველოპერები პროექტს დროულად ჩაიბარებენ. ასევე ვრწმუნდებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ფრენჩაიზს ეხება, ახალი ობიექტი სრულად იყოს თანხვედრაში ბრენდთან”, – ამბობს ებერჰარდი.
Aimbridge Hospitality-ის პორტფოლიო 24 ქვეყნის 1200-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, ეს მასშტაბები საშუალებას იძლევა, ზედმიწევნით იცნობდეს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას და მის საჭიროებებზე მორგებული სერვისები შეიმუშაოს.
“ჩვენი ოპერირების მასშტაბი უნიკალურს გვხდის. გვაქვს გლობალური გავლენა, რომელიც შეუდარებელია. ამავე დროს, ვქმნით ადგილობრივ ლიდერშიპს და რეგიონულ ჯგუფებს, რათა პარტნიორებს პირდაპირი წვდომა მივცეთ ჩვენს ექსპერტულ ცოდნაზე. გვყავს ექსპერტთა ჯგუფები თავისი ხელმძღვანელობით და, აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში, ეს მე გახლავართ. ამავე დროს, ჩვენი მასშტაბები საშუალებას გვაძლევს, შევიმუშაოთ ტექნიკა, რომელიც ინდუსტრიის საჭიროებაზე იქნება მორგებული. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ჩვენი რეპორტინგის ხელსაწყო, ფინანსური შედეგებისთვის. ეს არის უზუსტესი ხელსაწყო, რომელიც Aimbridge-ში შევქმენით. ეს ტექნიკა გამოიყენება რეგიონულ დონეზე ჩვენი ობიექტების შეფასებისა და ანალიზისთვის. ის ასევე გვეხმარება მფლობელებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაში, მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის”, – ამბობს არმინ ებერჰარდი.
როგორც ის აღნიშნავს, Aimbridge Hospitality საქართველოში პორტფოლიოს გაზრდას გეგმავს და მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და რეგიონების ბაზარზე გაფართოებისთვის. არმინ ებერჰარდის თქმით, Aimbridge-სთვის საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ბაზარია.
“ქვეყანაში ვხედავთ აუთვისებელ პოტენციალს და შეუდარებელ ზრდას. ვხედავთ ენერგიას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე დეველოპერებს მოაქვთ, მუდმივად ავითარებენ რეგიონს და სტიმულს აძლევენ მთავრობასაც, რათა სტუმარმასპინძლობის სექტორმა ახალ მწვერვალებს მიაღწიოს, გააუმჯობესოს მასშტაბები, დაწესებულებები და ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვიყოთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ ძლიერი წარმომადგენლობა დავამკვიდროთ.
საქართველომ უკვე მიიღო ბიზნესის ევროპული სტილი, ღიაა იმ ფაქტის მიმართ, რომ ტურიზმი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველო უფრო იზრდება ამ მიმართულებით და ზრდის საერთაშორისო ინტერესს საკუთარ თავზე. ქვეყანას სჭირდება ჩვენი ცოდნა იმისთვის, რომ მიწოდება, რომელიც ქვეყანაშია, თანხვედრაში იყოს იმ საერთაშორისო მოთხოვნასთან, რომელიც საქართველოში მოგზაურობის მიმართ სულ უფრო მზარდია. ამავე დროს ვხედავთ, რომ მთავრობისა და ინდივიდუალური ანტრეპრენების ძალისხმევა ერთმანეთთან თანხვედრაშია, ისევე როგორც ფინანსური ინსტიტუტების ძალისხმევა, რომ ქვეყანა მრავალი მიმართულებით განვითარდეს. ეს ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, რაც დოვლათს ქმნის”, – განაცხადა არმინ ებერჰარდმა “ბიზნესის კვირეულთან”.