რას წარმოადგენს და როდიდან გაიყიდება “კოდალას” საბავშვო ყუთი?

რას წარმოადგენს და როდიდან გაიყიდება “კოდალას” საბავშვო ყუთი?

სათამაშოების სოციალური საწარმო “კოდალა” ახალ პროდუქტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც 26 მაისს შედგება. ამის შესახებ საწარმოს დამფუძნებელმა BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა. როგორც კოტე სვანიძემ აღნიშნა, ახალი პროდუქტი სრულად მიყვება ბრენდის ეკომეგობრულ ხაზს და ბაზარზე ზუსტი ანალოგი არ აქვს.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საცალო გაყიდვების ქსელებსა და სუპერმარკეტებში წარმოდგენილია საბავშვო კუთხეები, სადაც იყიდება საბავშვო “ბოქსები”, იგივე ყუთები. მათი უმეტესი ნაწილი არ იწარმოება საქართველოში, ძირითადად გადაფუთვა ხდება ან იმპორტულია.

“კოდალა” 1 ივნისიდან ქსელში შეიტანს, მანამდე კი, 26 მაისს, ორბელიანზე ექნება ახალი პროდუქტის, საბავშვო ყუთის პრეზენტაცია, რომლის შიგთავსსაც ამ დროისთვის სიურპრიზად დავტოვებ. მაგრამ ის ხაზი, რომელსაც კოდალა ატარებს, რომ არის ეკომეგობრული კომპანია, ყუთშიც დარჩება და ბავშვი სათამაშოსთან ერთად მიიღებს ისეთ სერვისს, რომელიც სხვა არც ერთ ყუთში არ ამოდის. ეს იქნება ხის კოდალა და მასზე მიბმული ვაუჩერი, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს, ესტუმროს ჩვენს სახელოსნოს და დაესწროს შრომის მასტერკლასს”, – ამბობს კოტე სვანიძე.

მისი თქმით, საბავშვო ყუთები “კარფურის” მაღაზიათა ქსელში გაიყიდება, რომელთანაც “კოდალამ” ხელშეკრულება ახლახან გააფორმა, მას შემდეგ, რაც საცალო გაყიდვების კომპანიამ, რომელთანაც მანამდე იყო ასოცირებული, ქართულ საწარმოებთან თანამშრომლობა შეაჩერა. კოტე სვანიძეს BMG-ის ეთერში არ დაუსახელებია, რომელმა ქსელმა შეაჩერა ქართული წარმოების გაყიდვა: “ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით და კარგად ვთანამშრომლობდით ერთ-ერთ დიდ ქსელთან, სადაც ლოიალური მომხმარებელი გვყავდა… მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მთლიანად ამ ქსელმა ადგილობრივი წარმოების ყველა კომპანიასთან შეწყვიტა ურთიერთობა, რაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო”.

მასტერკლასი, რომელზე დასწრების საშუალებასაც “კოდალას” საბავშვო ყუთში ამოსული ვაუჩერი იძლევა, ბავშვებს სათამაშოების დამზადებას ასწავლის. როგორც საწარმოს დამფუძნებელი აღნიშნავს, მასტერკლასების ჩატარება საწარმოში 2021 წლიდან დაიწყო და 2024 წელს საზაფხულო ბანაკადაც იქცა, რომელიც წელსაც გაიმართება და რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ყოველთვის ბავშვებზე გვეფიქრება. ვცდილობთ, რომ პროდუქტი იყოს ისეთი, რაც ემოციებთან ერთად, კარგ მოგონებებსაც შეუქმნით. ეს გადავიტანეთ ჩვენს სერვისში, სახელოსნოში ბავშვები თავიანთი ხელით ქმნიან სათამაშოებს, რაც უნიკალური მიდგომა აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ სკოლებში შრომითი მიმართულებით ვეღარ ვითარდებოდნენ ახალგაზრდები, ამ სერვისმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის კულმინაცია ბანაკები იყო.

2021 წელს დავიწყეთ შრომითი გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასები გვქონდა ჩვენს საწარმოში, რამაც მოგვცა დამატებითი ინსპირაცია, შეგვექმნა შრომითი 10-დღიანი ბანაკი, სადაც თან დაისვენებენ ჩვენი შვილები, თან ახალ პროფესიას დაეუფლებიან და თან დააფასებენ შრომას”, – განმარტა “კოდალას” დამფუძნებელმა.

სოციალური საწარმო “კოდალა” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. საწარმო 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ავეჯს ამზადებს, რომლის ფასი 5 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *