აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით „შუაღამის ურო“, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული. ოპერაციაში B-2 ტიპის შვიდი ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც ირანის ორ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოსა და ნათანზზე, ათზე მეტი მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადი ბომბი ჩამოაგდეს. ისპაჰანში კი Tomahawk-ის რაკეტები გაუშვეს.
რა ვიცით GBU-57-ის და B-2-ის შესახებ?
GBU-57 მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადი რაკეტაა, რომელიც ცნობილია როგორც MOP. ის დაახლოებით 20.5 ფუტის სიგრძისა და 31.5 ინჩის დიამეტრისა. შექმნილია ღრმად ჩამარხული ობიექტების, გამაგრებული ბუნკერებისა და გვირაბების ასაფეთქებლად, აფეთქებამდე 200 ფუტის სიღრმეზე მიწისქვეშ შეღწევისთვის. იმართება სამხედრო GPS-ით და განკუთვნილია კარგად დაცულ ობიექტებში სამიზნეებთან მისაღწევად და გასანადგურებლად.
მისი წონა 30 000 ფუნტზე ოდნავ ნაკლებია, მათ შორის დაახლოებით 5 300 ფუნტი ასაფეთქებელი ნივთიერებაა. MOP-ის ასაფეთქებელი ძალა მის წინამორბედ BLU-109-ზე 10-ჯერ მეტია.
GBU-57 Boeing-მა შეიმუშავა. როგორც CBS News წერს, საჰაერო ძალების ცნობით, 2015 წლის მონაცემებით, კომპანიას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული 20 ერთეულის წარმოებისთვის.
რაც შეეხება B-2 ტიპის ბომბდამშენს, მისი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი შეუმჩნევლობაა – შეუძლია თავი აარიდოს საჰაერო თავდაცვას და მიაღწიოს ძლიერ დაცულ სამიზნეებამდე. ის აეროდინამიკურად ეფექტურია და შიდა იარაღის სათავსოებში ორი GBU-57 ბომბის განთავსებაა შესაძლებელი. მისი აღმოჩენა და თვალყურის დევნება ყველაზე დახვეწილი თავდაცვის სისტემებისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს. საწვავის შევსების გარეშე, მისი დიაპაზონი დაახლოებით 6000 საზღვაო მილია.
B-2-მა პირველი ფრენა 1989 წელს, კალიფორნიაში განახორციელა, თუმცა ამჟამად მისურის შტატში, უაითმენის საჰაერო ძალების ბაზა ერთადერთი B-2 ბაზაა. ის საჰაერო დარტყმებისთვის გამოიყენებოდა კოსოვოს ომში, ავღანეთსა და ერაყში. B-2-ის მთავარი კონტრაქტორი Northrop Grumman-ია. აშშ-ის B-2-ების ღირებულება დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ სამხედრო თვითმფრინავად აქცევს, რაც კი ოდესმე შექმნილა. Northrop Grumman-ის მიერ წარმოებული, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბომბდამშენი წარმოება 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო მისი წარმოება შეფერხდა. პენტაგონის მიერ დაგეგმილი შესყიდვების პროგრამის შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ 21 ეგზემპლარი დამზადდა.