საქმე ისაა, რომ 8 მაისს, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყანა მიიწვიეს.
კითხვაზე, რამდენად სურს “ქართულ ოცნებას” კრიზისის გადაჭრა, ელჩი პასუხობს, რომ ეს თავად მათ უნდა ვკითხოთ და იმედოვნებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.
“მინდა მივულოცო ევროპის დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვინდა ეს აღვნიშნოთ დღეს. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს გაწევრიანებისთვის. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეს გაკეთდება და მომავალში შევძლებთ ერთად ვიყოთ, ერთ კავშირში.
იმედი მაქვს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, თავისი მოქალაქეებით, შეძლებს ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამას ვიმედოვნებთ, მაგრამ ეს ნამდვილად საქართველოს გადასაწყვეტია. საქართველო არის ქართველი ხალხი, მხოლოდ მთავრობა არ უერთდება ევროკავშირს, არც პარლამენტი, არც ბიზნესსექტორი, არამედ ყველა ერთად, ეს დიდი ეროვნული ძალისხმევაა. ჩვენ გავაკეთეთ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება, ეს საუკეთესო რამ იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო”, – განაცხადა ელჩმა, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ესწრება.