რატომ არ უღირთ კვერცხის ექსპორტი მწარმოებლებს, მაგალითად, აშშ-ში? – “კუმისის” განმარტება
აქვს თუ არა საქართველოს კვერცხის ექსპორტის პოტენციალი, მაგალითად აშშ-ში? – ამ საკითხზე bm.ge-სთან „კუმისის“ დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მათ საწარმოს არაერთხელ ჰქონია შემოთავაზება ექსპორტზე, თუმცა ამას გარკვეული სირთულეები ახლავს. პირველ რიგში, ის, რომ კვერცხის სპონტანურად ექსპორტი ქართველი მწარმოებლების რთულია.
„ჩვენ გვაქვს შემოთავაზებები, მაგალითად, გვესაუბრებიან არაბული ქვეყნები. თუმცა ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ სპონტანურად კვერცხის ექსპორტი არ შეგვიძლია, რადგან მათ დიდი რაოდენობების გატანა სურთ, ამიტომ უნდა ვისაუბროთ კვერცხის ექსპორტის 1-2-წლიან გეგმაზე, რათა ისე ვაწარმოოთ კვერცხი, რომ ადგილობრივ მომხმარებელს არ მოაკლდეს. შედეგად, ისინი მოდიან და შემდეგ ისევ იკარგებიან, ამიტომ აზიური ბაზარი არ არის სტაბილური“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ევროპას, მისივე თქმით, ეს ბაზარი უცხოური კვერცხისთვის ფაქტობრივად ჩაკეტილია. „ევროპაში მთავრობები ხელს უწყობენ ფერმერებს, რომ თავად ქვეყანაშივე აწარმოონ ის რაოდენობა, რაც სჭირდებათ და ადგილობრივი მოთხოვნა ადგილობრივმა წარმოებამ დაფაროს. იქ მხოლოდ მაშინ იხსნება კარები, თუ ვეტერინარული პრობლემა შეიქმნა და კვერცხი დააკლდათ. შესაბამისად, ამას არასისტემატური ხასიათი აქვს.
რაც შეეხება ამერიკას, მათ ახლა სჭირდებათ კვერცხი შექმნილი დეფიციტის გამო და გვითხრეს, რომ თუ თქვენ მოგვაწვდით რამდენიმე პორტამდე, იქიდან ჩვენ წავიღებთო. მაგრამ ჩვენ ასე სპონტანურად არ ვართ მზად, მათ ჩვენი წარმოებების 20% მივაწოდოთ, მით უმეტეს წინასააღდგომოდ. ხელშეკრულებები გვაქვს აქაურ სავაჭრო ქსელებთან და მათ რომ ვუთხრათ, რომ უნდა ჩავეხსნათ და ამერიკულ ბაზარზე გადავერთოთ, რომელმაც შეიძლება სამი თვის შემდეგ უარი გვითხრას, ჩვენთვის სარისკო და არასერიოზულია“, – განმარტა „კუმისის“ დირექტორმა.
ამგვარად, გოგიტა მაისურაძემ აღნიშნა, რომ მათთვის კვერცხის ექსპორტი საინტერესოა, მაგრამ სპონტანურ ექსპორტზე უარს ამბობენ. ამას ემატება ლოგისტიკური პრობლემებიც, კვერცხის ტრანსპორტირება მალე უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ვინაიდან კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია, სულ 21 დღე აქვს სიცოცხლის ვადა და ამ პერიოდში უნდა მოასწროს ტრანსპორტირება და რეალიზება.
ცნობისთვის, საქართველოდან სასურსათო კვერცხის ექსპორტი 2016 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. საქსტატის მონაცემებით, მაშინ 123 270 აშშ დოლარის კვერცხი ერაყში გავიდა. საინკუბაციო კვერცხის ექსპორტი კი ყოველწლიურად ფიქსირდება. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 710 640 აშშ დოლარის საინკუბაციო კვერცხი გავიდა.