როგორც სამინისტრომ bm.ge-ს კითხვის პასუხად მოიწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.
სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაუწყო
“ბოლო თვეებში ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში შაქრის იმპორტი საერთაშორისო საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად განხორციელდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნა და შაქრის ადგილობრივი წარმოება დააზარალა.
შედეგად, ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და იქ დასაქმებული 500-მდე ადგილობრივი მოსახლე სამუშაოსა და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.
შაქრის იმპორტზე მომსახურების საფასურის დროებითი დაწესება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის ფასის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ამასთან, საწარმოს ადმინისტრაციას მისცემს შესაძლებლობას, განაახლოს ქარხნის მუშაობა, აწარმოოს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქცია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 500-მდე დასაქმებული შეძლებს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს.
შაქარზე იმპორტის გადასახადი ქვეყანაში 1 წლის ვადით იმოქმედებს. გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაუწყო”, – წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში.