საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია იკვეთება – ერთ თვეში ნავთობის ფასი საშუალოდ 5.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო ერთკვირიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 3%-ს აჭარბებს. ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 65 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ღირებულება 63 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი დაახლოებით 59 დოლარს შეადგენს.
ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირება გეოპოლიტიკური რისკების ზრდას უკავშირდება, რადგან როგორც ცნობილია, ისრაელი ირანის წინააღმდეგ შეტევას ამზადებს, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარებას ძაბავს.
ამასთან, ცხადი ხდება, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი უახლოეს მომავალში ვერ დასრულდება და შესაძლოა, ომი გამწვავების ახალ ფაზაშიც კი გადავიდეს.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩინეთი და აშშ ერთმანეთს სავაჭრო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც სატარიფო რეჟიმის აღდგენის რისკებს ზრდის. საერთო ჯამში, გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება ნავთობის გაძვირებას იწვევს, რაც მარტივი კანონზომიერებით აიხსნება.
ამასთან, OPEC-მა ნავთობის მიწოდება მოსალოდნელზე ნაკლებად გაზარდა, რაც ტრეიდერების გაწყობაზე პოზიტიურად აისახა და ფასის მატება გამოიწვია.