რატომ შეუმცირა Moody’s-მა აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი?

რატომ შეუმცირა Moody’s-მა აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი?
საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-მა ამერიკის შეერთებულ შტატებს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ის სუვერენული რეიტინგი იდეალური Aaa-ის ნაცვლად Aa1-ით განისაზღვრა.

აშშ-ის მთავრობის გარდა, ჩამოქვეითებულნი არიან უმსხვილესი ამერიკული საბანკო-საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის არიან: JPMorgan Chase, Bank of America, Wells Fargo, Bank of New York Mellon და State Street – ანუ აშშ-ში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი სისტემური ბანკები.

Moody’s-ის განმარტებით, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის გაუარესება მთავრობის ვალის მოცულობის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, რომლის მოცულობა ამჟამად $36.9 ტრილიონს აღწევს, რაც გლობალური რეკორდია. Moody’s-ის განმარტებით, წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ისეთი ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რომელიც ვალის მოცულობას რეალურად შეამცირებს, რაც ქვეყნის მიმართ ინვესტორების განწყობის გაუარესებას იწვევს.

შედარებისთვის, დაახლოებით 50 წლის წინ, ფედერალური ვალის მოცულობა $1 ტრილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.

ვალის მოცულობამ უკვე ფაქტობრივად მიაღწია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას, თუმცა 2053 წლამდე პროგნოზირებულია, რომ ვალის მოცულობა ეკონომიკის 180%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება თავად ამ ვალის მომსახურებას, საპროცენტო სარგებლის სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს იხდის. 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს, რაც იაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს.

ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა მთავრობა ხარჯავს იმ ფულს, რომელიც მომავალში თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ გადასახადებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *