რატომ ძვირდება ბოსტნეული? – “იმერის” დამფუძნებლის მოსაზრება

რატომ ძვირდება ბოსტნეული? – “იმერის” დამფუძნებლის მოსაზრება

“ბაღჩეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია “იმერის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროდუქციის გაძვირებას მოხმარების ზრდა იწვევს”, – ამის შესახებ ნიკა კიკნაძემ “საქმიან დილაში” საქსტატის აპრილის ინფლაციის ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა, რომლის თანახმადაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტად ლიმონი, კომბოსტო, ბადრიჯანი, კიტრი და კივი გაძვირდა.

“იმერის” დამფუძნებელმა ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას, როგორ იზრდება ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება და რატომ ჭარბობს ქვეყანაში იმპორტული პროდუქცია.

“ფასის ზრდას იწვევს პროდუქტის მოხმარება, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი [ქართული] პროდუქტი ექსპორტზეც გადის საკმაოდ წარმატებით და უკვე სიმცირეა, იმპორტიც გვაქვს, მაგრამ მოხმარება რომ იზრდება, ეს იწევს ფასის ზრდას.

ბიზნესმენს თუ სტაბილური გაყიდვის ბაზა არ აქვს, წარმოებას ვერ მოუმატებს, ფერმერიც ასეა. სახელმწიფო ხელშეწყობა არსებობს, წლიდან წლამდე უმატებენ ფერმერები წარმოებას, ვიღაცას თუ, პირობითად, 500 ტონა კარტოფილი მოჰყავდა, წელს 200 ტონით გაზარდა წარმოება. ანუ, როცა იმან ძალიან მალე გაყიდა პროდუქტი და ნახა, რომ, მაგალითად, “იმერთან” თანამშრომლობითაც გაეზარდა რეალიზაცია, შემდეგ უკვე დაიწყო მეტის მოყვანა, თუმცა ბაზარი ამას ვერ გრძნობს, რადგან რეალიზაციაც გაზრდილია, თუნდაც ექსპორტის მიმართულებით”, – ამბობს ნიკა კიკნაძე.

მისივე თქმით, ექსპორტის მიმართულებას “იმერიც” ავითარებს და წელს გალფის ქვეყნებში გასასვლელად ემზადება. როგორც კიკნაძე აღნიშნავს, ეს რეგიონი ლოგისტიკური სიმარტივიდან გამომდინარე შეირჩა.

“კომპანია “იმერი” წელს საკმაოდ აქტიურად ერთვება გალფის ქვეყნებთან ურთიერთობაზე, ვფიქრობთ, წელს უკვე უნდა გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი. ეს უფრო ეხება ბაღჩეულსა და სალათებს, რასაც ჩვენი მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს, რომელსაც ამ ქვეყნების ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია.

გადაზიდვა თვითმფრინავის მეშვეობით უნდა მოვახდინოთ და ბაღჩეულის გადაზიდვა უფრო მარტივია, ფასიდან გამომდინარეც, ბოსტნეულის გაგზავნა აქედან იქ უკვე დიდ ხარჯებს მოითხოვს და არარელევანტური იქნება, რადგან კონკურენციას ვერ გაუწევს”, – ამბობს ნიკა კიკნაძე.

საქსტატის ინფლაციის ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტად – 90%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლიმონის ღირებულება გაიზარდა. მეორე ადგილზეა კომბოსტო 61%-იანი გაძვირებით, მესამეზე კი ბადრიჯანი 52%-იანი გაძვირებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *