რაღაც მომენტში თუ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საკმარისი წინსვლა არ იქნება, შესაძლოა, მოგვიწიოს, სხვა პრიორიტეტებით დავკავდეთ, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფრი პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინსვლის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
მისივე განცხადებით, „ამ ომს სამხედრო დასასრული არ აქვს“.
„ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს, უკრაინა კი ვერ უკუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. რაშიც ჩვენ ვართ ჩართულები, არის რუსეთის პოზიციის გაგება. ახლა უკეთ გვესმის ეს, რადგან რეალურად ვესაუბრეთ, მას შემდეგ, რაც სამი წლის განმავლობაში არ ვესაუბრებოდით. გვინდა, გავარკვიოთ, რა არის უკრაინის პოზიცია და რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება. შემდეგ, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რომ მშვიდობა შეუძლებელია ამ დროისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით ამის გასაკეთებლად, ვიდრე არსებობს რეალისტური, წინ მიმავალი გზა. თუ რომელიმე მომენტში დავადგენთ, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან შორს ვართ და საკმარისი მოძრაობა არ ხდება, შესაძლოა, დაგვჭირდეს სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი აშშ-ს არ დაუწყია და ახლა ვაშინგტონი ცდილობს, ყველას დაეხმაროს მის დასრულებაში.
„ჩვენ ოპტიმისტურად განწყობილები უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ორი მხარის დასაახლოებლად. იმედია, წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია რუსეთსა და უკრაინაზე. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ სურთ ერთმანეთთან დაახლოება და ჩვენ უნდა დავინახოთ პროგრესის დასაწყისი“, – თქვა რუბიომ.