რა არის “ლაბუბუ”? – სათამაშო რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

რა არის “ლაბუბუ”? – სათამაშო რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
ელფის მსგავსი ფუმფულა არსება, მახვილი კბილებითა და დიდი თვალებით – ლაბუბუ (Labubu) ნიშური ილუსტრირებული წიგნის გმირიდან პოპკულტურის გლობალურ ობსესიად იქცა და მილიონობით სტატია თუ Tiktok ვიდეო მიეძღვნა. პეკინიდან ლოს-ანჯელესამდე აღარ დარჩა სათამაშოების მაღაზია, სადაც “ლაბუბუ” ერთხელ მაინც არ მოუკითხავთ. თუმცა თავად ლაბუბუ არა უბრალოდ სათამაშო, არამედ სერიოზული ღირებულების მქონე ვალუტაა.

ვინ/რა არის ლაბუბუ?

Labubu ჰოლანდიაში დაბადებულ ჰონკონგელი ილუსტრატორის, კესინ ლუნგის შემოქმედებაა. პერსონაჟი პირველად 2015 წელს, სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული ტრილოგიის, “მონსტრების” გვერდებზე გამოჩნდა. როგორც მას ჩინური კომერციის გიგანტი, Pop Mart-ი აღწერს, ლაბუბუ “ელფური არსებაა, რომელსაც კეთილი გული და მუდმივი დახმარების სურვილი აქვს, თუმცა, შემთხვევით, ხშირად საპირისპიროს აღწევს”.

ლაბუბუ სათამაშოების ინდუსტრიას 2019 წლიდან შეუერთდა, როდესაც Pop Mart-მა ლუნგის პერსონაჟზე ლიცენზია მოიპოვა და საკოლექციო, სიურპრიზ-ყუთებში ლაბუბუთა მთელი ასორტიმენტი განათავსა. $20-30 დოლარიანი მისტიკური ყუთები, რომლებშიც წინასწარ, სანამ არ გახსნი, არ იცი, რომელი სათამაშო ამოგივა, მომხმარებლებს განძის, ანუ ლაბუბუს ყველა ვერსიის ძიების მოტივაცია გაუჩინა, რასაც ხელი “ულტრა-იშვიათმა, საიდუმლო დამატებებმა” შეუწყო, რომელთა პოვნის შანსიც 72-ში 1 იყო.

სიურპრიზ-ყუთების გახსნა სოციალურ ქსელებში ყურებად კონტენტად იქცა. დღეს Tiktok-ზე #Labubu-ს “ჰაშთაგის” ქვეშ მილიონზე მეტი ვიდეო დევს. სათამაშოს პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ ცნობილი ადამიანებიც აქტიურად საუბრობენ ლაუბუბუზე – პერსონაჟით თავის მოწონების განსაკუთრებულად პოპულარული გზა მისი ძვირად ღირებულ ჩანთებზე განთავსებაა. ამით ლაბუბუ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელიც მფლობელის სტატუსსა და მოდის ინდუსტრიაში მის ადგილზე უსვამს ხაზს.

და რადგან მოთხოვნა მუდმივად აღემატება მიწოდებას, ლაბუბუების შეგროვება სპორტის კონკურენტულ მიმდინარეობად იქცა. თაროების შევსების შემდეგ Pop Mart-ის მაღაზიები წუთებში ცარიელდება, სათამაშოს ოფიციალური არხებიდან შესყიდვა თითქმის შეუძლებელი ხდება. სწორედ აქ ერთვებიან საქმეში გადამყიდველები, რომლებიც ლაბუბუს ლიმიტირებულ გამოშვებებს eBay-ზე $7000-მდე აფასებენ, საწყის კოლექციებზე კი აუქციონებიც იმართება, რომლებზეც ერთი ლაბუბუ ზოგჯერ $3000-ად იყიდება.

“ლაბუბუ-მანია” მხოლოდ უწყინარი გასართობი არ არის – ხშირად სათამაშოს დაუფლების პროცესი ძალისმიერ კონფლიქტშიც იზრდება ხოლმე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რა გზებით ცდილობენ ადამიანები, მაღაზიის დახლებზე ახლად განთავსებული სათამაშოები თავად მოიპოვონ და არა – რიგში მათ გვერდით მდგომებმა. ჩინეთში, სადაც ლაბუბუები იწარმოება, ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა: მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ჩინეთის საბაჟო ოფიცრებმა მგზავრებს 462 ლაბუბუ ჩამოართვეს, რომლებიც ქვეყნიდან გადაყიდვის მიზინით გამოჰქონდათ. დაფიქსირდა ჩემოდნების ლაბუბუებით გავსების ფაქტებიც.

ლაბუბუ არც პირველი პროდუქტია, რომელმაც ჭარბი მოხმარების მასობრივი ისტერია გამოიწვია და – არც უკანასკნელი. ბოლო პერიოდში უკვე ვნახეთ ვირუსულად გავრცელებული თერმოსების – Stanley-ის ბრენდის ჭიქების პოპულარობაც. მიუხედავად ამ კრიტიკისა, ჩანს, რომ The Monsters-ს დღეს Pop-Mart-ის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზია, რომელმაც გასულ წელს $419 მილიონის შემოსავალი დააგენერირა. შესაბამისად, ლაბუბუ თანამედროვე სამომხმარებლო კულტურის ერთგვარი სარკეა: ანარეკლი ზომაში პატარა, თუმცა უკიდურესად გავლენიანია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *