რა არის საჭირო აშშ-ის OFAC-ის სიიდან სანქცირებული პირის ამოსაღებად?

რა არის საჭირო აშშ-ის OFAC-ის სიიდან სანქცირებული პირის ამოსაღებად?
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნგრელი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტალ როგანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო – აღნიშნული უკვე აისახა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის (OFAC) სანქცირებულ პირთა ძებნის პლატფორმაზე, სადაც როგანი აღარ იძებნება. ანტალ როგანი ე.წ. მაგნიტსკის აქტით დასანქცირდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის შავი სიიდან სანქცირებული პირი ამოიღეს. სანქციების გაუქმება დანერგილი პრაქტიკაა ევროკავშირსა და შვეიცარიაშიც. OFAC-ის სანქცირებულთა სიიდან ამოსაღებად კი სანქცირებულ პირს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

აშშ-ის მიერ ინდივიდუალურ პირებსა და კომპანიებზე სანქციების დაწესება მიზნად მათი ქცევის შეცვლას ისახავს. სანქცირებულმა პირმა უნდა აჩვენოს, რომ იმ კომპანიასთან თუ მთავრობასთან, რომელთან ასოცირების დროსაც დასანქცირდა, კავშირი საერთოდ აღარ აქვს – სწორედ ეს განასხვავებს ინდივიდუალურ, ეკონომიკურ სანქციებს სისხლის სამართლის დევნისგან.

სანქცირებულთა სიიდან ადამიანის ამოსაღებად აშშ-ის მთავრობას ადმინისტრაციული პროცესი აქვს შემუშავებული და თითოეული შემთხვევა დამოუკიდებლად განიხილება. აშშ-ის მიერ შავი სიიდან ადამიანის ამოღების წარმატებული შემთხვევები, ძირითადად, ბიზნესმენებს უკავშირდებათ, რომლებიც კონკრეტულ მთავრობებს მხარს აღარ უჭერენ. სანქციების გაუქმება შესაძლებელია სანქცირებული პირის ოჯახის წევრებისთვისაც, თუ მათ კავშირი აღარ აქვთ დასანქცირებულ ადამიანთან.

სანქციების სიიდან ადამიანის ამოსაწერად პირველი ნაბიჯი OFAC-ში განცხადების წარდგენაა. OFAC-ს აქვს უფლებამოსილება, განიხილოს თითოეული საქმე და სიიდან ამოიღოს დასანქცირებული ადამიანი. პროცესი, როგორც წესი, OFAC-ის მიერ სანქცირებული პირისთვის კითხვარის გაგზავნას მოიცავს, რათა კანდიდატის შესახებ მეტი ინფორმაცია შეაგროვოს.

პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც სანქცირებული პირი აშშ-ის “შავი სიიდან” ამოღებულია, საშუალოდ, 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ცალკეულ შემთხვევებში კი – უფრო დიდხანს. პროცესი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, აჩვენებს თუ არა კანდიდატი, რომ ქცევა, რომლის გამოც დასანქცირდა, შეიცვალა.

OFAC-ის სიიდან სანქცირებული პირის ამოღება ნიშნავს, რომ მისი აქტივები კვლავ თავისუფლდება და ადამიანს ქონების, მათ შორის საბანკო ანგარიშების, განკარგვის შესაძლებლობა ეძლევა.

ანტალ როგანი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2025 წლის 7 იანვარს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისთვის, მაგნიტსკის აქტით დაასანქცირეს. მისი სანქცირებულთა სიიდან ამოღება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი იმედს გამოთქვამდა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ორ ქვეყანას შორის არეული ურთიერთობა კვლავ დათბებოდა, ვაშინგტონი გააუქმებდა უნგრელი მაღალჩინოსნისთვის დაწესებულ სანქციას და აღადგენდა აშშ-უნგრეთს შორის გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებას, რომელიც ასევე ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა. ახალი ადმინისტრაციის პირობებში კი ვიქტორ ორბანი მალევე იქცა აშშ-სთვის ევროკავშირში ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ.

ცნობისთვის, OFAC-ის სანქცირებულთა სიაში ხვდებიან ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, მირზა კეზევაძე, მილერი ლაგაზაური, ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია და რომან ფარცხალაძე. მათგან ორი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და შს სამინისტროს მაღალჩინოსანი მირზა კეზევაძე, მაგნიტსკის აქტით არიან დასანქცირებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *