რა არის ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის 15 პრიორიტეტი? – TCRC-ის კვლევა

რა არის ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის 15 პრიორიტეტი? – TCRC-ის კვლევა

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მისი მიმზიდველობის გამოსავლენად, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ (TCRC) სატრანსპორტო პოლიტიკის 15 ძირითადი პრიორიტეტი დაადგინა.

TCRC-ის კვლევის საფუძველს სხვადასხვა ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ამსახველი სტრატეგიული დოკუმენტების შესწავლა და გაანალიზება წარმოადგენდა. კერძოდ, შესწავლილია საქართველოს რეალობასთან მიახლოებული, ოთხ მიმართულებად დაყოფილი 17 ქვეყანა.

სატრანსპორტო პოლიტიკის 15 პრიორიტეტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  1. ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება;
  2. სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობის, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა;
  3. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფორმირება და განვითარება;
  4. სატრანსპორტო სისტემის კონკურენტუნარიანობისა და მომსახურების განვითარება;
  5. რეგიონალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება;
  6. სატრანსპორტო სფეროში ინოვაციური და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება;
  7. სატრანსპორტო პროცესებზე გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების ამაღლება;
  8. ტრანსპორტის სფეროში საკადრო, სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება და სოციალური საკითხები;
  9. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება;
  10. ლოგისტიკური სისტემებისა და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარება;
  11. უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის პირობებში სატრანსპორტო სისტემების კოორდინაცია;
  12. სატრანსპორტო სფეროში საინვესტიციო პოლიტიკა;
  13. საქალაქო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება;
  14. კანონმდებლობისა და სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია;
  15. ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა.

ამასთან, TCRC-მა სხვადასხვა ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ასეთი განზოგადებული დასკვნები გააკეთა:

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, მისი ადგილმდებარეობის თუ მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების ან, სხვადასხვა სახის ნედლეულის მნიშვნელოვანი მოცულობების გასაღების საფუძველზე მიღებული ინვესტიციებით აყალიბებს საკუთარ სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას, მათ მიზნებს და პრიორიტეტებს გააჩნიათ უნიფიცირებული მიდგომები, რომლის მრავალი ელემენტის გამოყენება საქართველოს რეალობისთვისაა შესაძლებელი.

ევროკავშირის სატრანსპორტო სივრცეში ინტეგრირებადი ქვეყნების სატრანსპორტო სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტებში – ეკონომიკური ანალიზის, პროგნოზირების და მათემატიკური მოდელირების საფუძველზე, ზუსტად არის გაწერილი სტრატეგიის რეალიზების ვადები, გამოყოფილია ეტაპები, მათი საინვესტიციო ტევადობა, ინვესტიციის შემოდინების წყაროები, განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტები.

ევროკავშირის ქვეყნების სატრანსპორტო სტრატეგიით გათვალისწინებულია საინვესტიციო რესურსების მიზნობრივად გახარჯვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს ჩამოყალიბება, რომლის ფუნქცია სტრატეგიის თითოეული პუნქტის შესრულებაზე მონიტორინგს წარმოადგენს.

რუსეთის 2030 წლამდე ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტში შემოთავაზებულია განვითარების სამი ვარიანტი, როცა სატრანსპორტო სისტემა ვითარდება ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავლებით, მეორე – ინოვაციური ტექნოლოგიებით და ინერციული გზით.

ყაზახეთის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტებში ნათლად შეიმჩნევა ურთიერთკავშირი სახელმწიფოს სამოქმედო – სტრატეგიულ დოკუმენტსა და ტრანსპორტის პოლიტიკას შორის. ყაზახეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარების და ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი შემუშავებულია ყაზახეთის სახელმწიფო პროგრამის „100 კონკრეტული ნაბიჯის“ და „ყაზახეთის 2050 წლის სტრატეგიის“ საფუძველზე.

გამოსაყოფია, რიგი ქვეყნების მიერ აქცენტების გადატანა სხვადასხვა პრიორიტეტებზე. ასე მაგალითად, ბელორუსის სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, ინოვაციური ტექნოლოგიების და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაზე. საბერძნეთის – სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენტში – პრიორიტეტად გამოყოფილია ტურიზმის განვითარებისთვის სატრანსპორტო სისტემებით ხელშეწყობა, ნორვეგია – ინფრასტრუქტურის განვითარებას, კუნძულების საიმედო ხელოვნური ნაგებობებით (ხიდებით) დაკავშირებით გეგმავს, სახელმწიფოთა უმრავლესობა, პრიორიტეტს – რეგიონალური სატრანსპორტო სისტემების სრულყოფას ანიჭებს.

TCRC-ის მიხედვით, კვლევის შემდგომი ეტაპი, 15 პრიორიტეტის მიხედვით კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებას ითვალისწინებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *