სატარიფო პოლიტიკა შეეხო ჩინეთსაც, რომლის მიმართაც ამერიკამ ჯამში 54%-იანი საიმპორტო გადასახადი აამოქმედა. საპასუხოდ ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციას 34%-იანი ტარიფები დაუწესა. Reuters-მა იმ ინდუსტრიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაც ჩინური ტარიფები ყველაზე მეტად დააზიანებს.
ამ სექტორებს შორის მოხვდა ავიაცია, კერძოდ Boeing-ი, რომელსაც გამოცემის შეფასებით, ტარიფები ევროპელ კონკურენტზე Airbus-ზე ნაკლებად მიმზიდველს გახდის. Boeing-ის გაყიდვები ჩინეთში ბოლო წლებში ისედაც შემცირებულია. მეორე შესაძლო დაზარალებული სექტორი ნახევარგამატარებია (ჩიპები). Reuters-ი წერს, რომ ჩინეთი ამერიკისგან ყოველ წელს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპებს ყიდულობს. 2024 წელს ჩინეთი ამერიკული Intel-ის ყველაზე მსხვილი ბაზარი იყო და მისი შემოსავლების დაახლოებით 30% ამ ქვეყანაზე მოდიოდა. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრია სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობა იქნება, რომელსაც ჩინეთის საპასუხო ტარიფები ყველაზე მეტად დაარტყამს, რადგან ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ჩინეთი ყველაზე დიდი ბაზარია.
საპასუხო ტარიფების გარდა, რომელიც 10 აპრილიდან შევა ძალაში ბეიჯინგმა აშშ-ის წინააღმდეგ სხვა შეზღუდვებიც გამოაცხადა, მათ შორის არის ამერიკაში იშვიათი მინერალების ნაწილის ექსპორტის აკრძალა და 11 ამერიკული კომპანიის სპეციალურ სიაში შეიყვანა, რის გამოც ეს კომპანიები ჩინეთში ოპერირებას მხოლოდ შეზღუდული ფორმით შეძლებენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთის საპასუხო ტარიფები მოსალოდნელზე ძლიერი იყო, შესაბამისად გაიზარდა ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომის ინტენსივობის რისკიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მიიღებს ისეთ ზომებს რაც დაიცავს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარებას. როგორც CNBC წერს, ჩინეთის მოსალოდნელზე ძლიერი პასუხის პირობებში ამერიკის პოზიცია უფრო მკაცრი იქნება, რომ სხვა სავაჭრო პარტნიორებს ამერიკული პროდუქტების მიმართ იგივე სატარიფო პოლიტიკის ამოქმედების სურვილი არ გაუჩნდეთ.
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის თანახმად, ტარიფები მნიშვნელოვნად გაზრდილმა სავაჭრო დეფიციტმა განაპირობა. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება სავაჭრო პარტნიორების მიერ დაწესებულ ტარიფებს. ეს კი აშშ-ის ადგილობრივ წარმოებას ანელებს. ახალი საპასუხო სატარიფო პოლიტიკით კი დონალდ ტრამპი ამ გამოწვევების გადაჭრას გეგმავს.
ამერიკის მიერ დაწყებული სატარიფო ომის გამო, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი იკლებს და საფონდო ბირჟებზე უფასურდება ამერიკული კომპანიების აქციები. როგორც Reuters წერს, სატარიფო ომები ეკონომიკის ზრდის შენების მოლოდინს აჩენს, ეს კი თავის მხრივ ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს, რის გამოც ფასი იკლებს. ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანი JPMorgan-ი მორგანი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის შანსი 60%-მდეა გაზრდილი. რეცესია უფრო მეტად რეალური ჩინეთის საპასუხო ტარიფებმა გახადა.