რა გავლენა ექნება ტრამპის 10%-იან ტარიფს საქართველოს ექსპორტზე? – ლევან დავითაშვილის განმარტება

რა გავლენა ექნება ტრამპის 10%-იან ტარიფს საქართველოს ექსპორტზე? – ლევან დავითაშვილის განმარტება
“ქართული ოცნების” პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სატარიფო გადასახადი საქართველოსაც შეეხო, საქართველო მაინც მეგობრული ქვეყნების რიგში ითვლება, რადგან 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაბალია.

ლევან დავითაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პროდუქტები, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაც “ნულოვანია და არაფერს არ წარმოადგენს”.

მისივე თქმით, თუ აშშ-ის ახალი სატარიფო გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ეს ინვესტორებმა დაინახეს, შესაძლოა საქართველოში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.

“ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც შეიძლება ყურადღება მივაქციოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის, ყველა ქვეყანასთან მიმართებაში და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი 10%-იანი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი გვაქვს აშშ-ში ექსპორტის განხორციელების პირობებში.

აშშ-თან ჩვენს სავაჭრო სტრუქტურას რომ შევხედოთ, დაახლოებით, საქართველოდან 150 მილიონ დოლარამდე პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის – ეს 60%-ზე მეტია. ამ შემთხვევაში, ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია.

იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს არ წარმოადგენს.

როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შანსი აქ არის. მაგალითად, ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენგან ექსპორტირებული 10%-ის რეჟიმში იბეგრება, ასეთია ღვინო, შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტულ ღვინოსთან მიმართებაში.

აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, 10%-იანი გადასახადი, არსებულ 4%-თან ერთად, ანუ ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდა.

ახალი ტარიფი არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. კერძოდ, 2024 წელს აშშ-ში საქართველოს $141-მილიონიან ექსპორტში $90 მილიონი დოლარი, ანუ 64% სწორედ ფეროშენადნობებზე მოდიოდა. თუმცა, საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში.

იმისთვის, რომ უფრო უკეთ შეგვექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა გააქვს საქართველოს აშშ-ში გასაყიდად, გთავაზობთ, TOP-10 პროდუქტს, რაც 2024 წელს საქართველომ აშშ-ში გაიტანა ექსპორტზე:

  1. ფეროშენადნობები – 90,2 მლნ აშშ დოლარი
  2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 8,4 მლნ აშშ დოლარი
  3. საფრენი აპარატების ნაწილები – 7,2 მლნ აშშ დოლარი
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 7,1 მლნ აშშ დოლარი
  5. წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 5,3 მლნ აშშ დოლარი
  6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 4,6 მლნ აშშ დოლარი
  7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 2,7 მლნ აშშ დოლარი
  8. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 1,8 მლნ აშშ დოლარი
  9. მინერალური და მტკნარი წყლები – 1,6 მლნ აშშ დოლარი
  10. სამშენებლო ნაწარმი ხისა – 1,1 მლნ აშშ დოლარი.

უფრო სრულად გამონაკლისების სია, რომელსაც ახალი ტარიფები არ შეეხო, იხილეთ სტატიაში.

ამერიკის სავაჭრო ტარიფების პირდაპირი გავლენა საქართველოზე უკვე შეაფასა TBC CAPITAL-მა.

შეგახსენებთ, ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *