რა განსხვავებაა “რუსულ კანონსა” და FARA-ს შორის? – თამთა მიქელაძის განმარტება

რა განსხვავებაა “რუსულ კანონსა” და FARA-ს შორის? – თამთა მიქელაძის განმარტება
სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე განმარტავს, რა განსხვავებაა ე.წ. “რუსულ კანონსა” და ქართულად თარგმნილ ამერიკულ FARA-ს შორის და რატომ არ შეიძლება, FARA სამოქალაქო ორგანიზაციებზე გავრცელდეს.

როგორც ის BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” აღნიშნავს, ძირეული განსხვავება ისაა, რომ “უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონი ერთადერთ კრიტერიუმად სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებას განიხილავდა, FARA კი მათი საქმიანობის შინაარსით არის დაინტერესებული.

დღეს მოქმედი კანონი უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ, ე.წ. რუსული კანონი, არის კანონი, რომელიც მხოლოდ დაფინანსების კრიტერიუმით მიიჩნევს ორგანიზაციებს უცხო ძალის გავლენის აქტორებად და ბაზაში რეგისტრაციას ავალდებულებს, ამავდროულად, აძლევს მონიტორინგისა და პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ძალიან მაღალ შესაძლებლობას. მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იყო, არსებობს თუ არა ფაქტი, რომ შენი დაფინანსების 20% არის უცხოური წყაროებიდან. შინაარსობრივი მსჯელობა, თუ რა ტიპის საქმიანობას ახორციელებ და ა.შ. არ აინტერესებდათ. კანონი იყო ბლანკეტური, ზოგადი და მხოლოდ დაფინანსების კრიტერიუმს უყურებდა.

FARA-ში კი რეგულირებას ექვემდებარება კონკრეტული ტიპის საქმიანობები, არის თუ არა შენ მიერ განხორციელებული საქმიანობა იმ განზრახვით ან რწმენით მოქმედი, რომ გინდა გავლენა მოახდინო საქართველოს ხელისუფლებაზე, ან სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე. უბრალოდ ამ საქმიანობას უნდა ახორციელებდე დამფინანსებლის პირდაპირი მითითებით, კონტროლით, ინსტრუქციით და ზედამხედველობით და უნდა გქონდეს კონტროლის ძალიან მაღალი ხარისხი”, – განმარტავს თამთა მიქელაძე.

მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ განმარტებით, სამოქალაქო ორგანიზაციები FARA-ს მოქმედების ქვეშ ვერ მოექცევიან, რადგან ისინი დაფინანსებას არა ერთი კონკრეტული წყაროსგან, არამედ მრავალი, მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიის მქონე უცხოური ორგანიზაციებისგან იღებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად განსაზღვრავენ, რა პროექტების განხორციელება სურთ.

“სამოქალაქო საზოგადოებებს აქვთ საკუთარი წესდება, იდეოლოგია და მისია, მათ თავდაპირველად უჩნდებათ იდეები, თუ რისი გაკეთება სურთ და რის შესაბამისადაც თავად ეძებენ მხარდამჭერებსა და დონორებს. ეს პოლიტიკურ საქმიანობად ვერ მიიჩნევა რადგან ორგანიზაცია წყვეტს, რა უნდა გააკეთოს და როგორ.

ჩვენ დაფინანსებას მრავალი წყაროდან ვიღებთ, FARA-ს მოქმედების კრიტერიუმია, რომ მხოლოდ იმ კონკრეტული წყაროსგან უნდა იღებდე, რომლის ქვეშაც ფუნქციონირებ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცის ინტერესების გამტარებლად შეიძლება მივიჩნეოდეთ, უაზრობაა”, – ამბობს მიქელაძე.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, “ოცნების” მიერ ინიციირებული FARA სინამდვილეში იგივე რუსული კანონია. ამის შესახებ ორგანიზაციამ ვრცელი ანგარიშიც გამოაქვეყნა. თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში ახალი FARA, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის შერბილებას ემსახურებოდეს.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის მეორე რუსული კანონი და არა ამერიკული FARA. თუ ისინი [მთავრობა] თვალს დახუჭავენ ჩვენი საქმიანობის შინაარსზე და არ დაამტკიცებენ, რომ ჩვენი საქმიანობისას ვიღებდით ინსტრუქციას და ვიყავით კონკრეტული დონორის ზედამხედველობის ქვეშ, ეს არ იქნება FARA, ეს იქნება რუსული კანონი და რუსული ლოგიკა, ამერიკული თარგმანის ფასადის უკან, რომლითაც მათ მოუნდებათ, რომ ჩვენ წინააღმდეგ უფრო აგრესიული სანქციები გამოიყენონ.

ჩემი აზრით, მათი მიზანია, რომ ის სოლიდარობა და წინააღმდეგობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ ვაჩვენეთ, სისხლის სამართლებრივი დასჯის მექანიზმით ჩაახშონ. მეორე მხრივ, მათი მიზანია, რომ მსუსხავი ეფექტი გამოიყენონ და ორგანიზაციების სამუშაოში დააწესოს თვითცენზურა, რომ მათ მუდმივად ეშინოდეთ, მათი საქმიანობა პოლიტიკურ საქმიანობად არ მიიჩნიონ”, – აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი FARA-ს ამერიკულ ვერსიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არც შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონია უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისთვის მისაღები.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავად FARA არ არის კარგი კანონი. მას არაერთი ამერიკული უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აკრიტიკებს, რადგან FARA არის უსაფრთხოების ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან კონკრეტულ დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოიყენებოდა და შემდეგ დღის წესრიგიდან გაქრა. იმდენად არ გამოიყენებოდა ეს კანონი, რომ აქტიური განხილვის საგანი არ იყო.

თავად კანონი უხარისხოა, მაგრამ იქ ორგანიზაციებს იცავთ დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. იცავთ პოლიტიკური ტრადიცია, რომლითაც ჩვენნაირი ორგანიზაციების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. იქ არავის მოუვა აზრად თავში, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა შეიზღუდოს და უფრო მეტიც, FARA-ს თავდაპირველი მიზანიც სწორედ ამ ორგანიზაციების ტოტალიტარული რეჟიმებისგან დაცვა იყო”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ცნობისთვის, 4 აპრილს “ოცნების” პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართულ FARA-ს ხელი მოაწერა. ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” უკვე “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნდა. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მხარი FARA-ს ანალოგ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” III მოსმენით 1 აპრილს დაუჭირა. მომხრე 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. FARA-ს ქართული ანალოგის ამოქმედებისთვის 60 დღეა განსაზღვრული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *