თავად ეს ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, რადგან ეს რეგიონი ტრამპისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც პირველი ოფიციალური ვიზიტი მან სწორედ აქ განახორციელა.
ტური საუდის არაბეთში 13-14 მაისს დაიწყო, სადაც ტრამპი შეხვდა მეფე სალმანსა და პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო მმართველია. ოფიციალური შეხვედრებისას განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, კონფლიქტები და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ხელი მოაწერეს სამხედრო სექტორის მიმართულებით 142 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთი ამერიკიდან თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, მათ შორის თვითმფრინავებს, რაკეტებსა და დრონებს მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტრაქტია, რომელიც ქვეყნებს შორის ოდესმე გაფორმებულმა, ამიტომაც ტრამპი ამ მიღწევით განსაკუთრებით ამაყობს.
ამ შეთანხმების გარდა, საუდის არაბეთმა დააანონსა 600 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პაკეტი აშშ-ში, რაც მოიცავს ენერგეტიკის, ტექნოლოგიის, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სექტორებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია DataVolt-ის მიერ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ისახავს მიზნად. ამასთან, საუდის არაბეთი Nvidia-სთან და სხვა ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობით Data-ცენტრების აშენებას და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აანონსებს, რაც ამერიკული ტექნოლოგიური სექტორისათვის სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს.
არაბეთის შემდეგ, 14 და 15 მაისს ტრამპმა საქმიანი ვიზიტი კატარში განაგრძო, სადაც ის შეხვდა ქვეყნის ემირ თამიმ ბინ ალ თანის. ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. გაფორმდა რამდენიმე მსხვილი შეთანხმება, მათ შორის Qatar Airways-ის მიერ ასობით ერთეული Boeing-ის თვითმფრინავის შეძენის შესახებ, რომელიც 200 მილიარდ დოლარად შეფასდა. აშშ-მ და კატარმა ასევე ხელი მოაწერეს 42 მილიარდი დოლარის თავდაცვით შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს Raytheon-ის და General Atomics-ის თანამედროვე შეიარაღების სისტემების მიწოდებას ამ ნავთობით მდიდარი სახელმწიფოსათვის. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხები და თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე.
როგორც ჩანს, კატარში ვიზიტი სარგებლის მომტანი მხოლოდ ამერიკისათვის არ ყოფილა, რადგან თავად პრეზიდენტმა ტრამპმა კატარის ხელისუფლების მხრიდან საჩუქრად მიიღო 400 მილიონ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი, რომელიც, როგორც ცნობილია, მფრინავ თეთრ სახლად გადაკეთდება და მის ბორტზე ტრამპი კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ გრანდიოზული საჩუქრის მიღების შემდეგ, 15 და 16 მაისს ტრამპის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაგრძელდა. აბუ დაბიში ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან. შეხვედრის დროს განხილული იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში. შედეგად, მხარეებმა დააანონსეს 1 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება, რომლის მთავარი ნაწილი კოლოსალური ზომის AI-კამპუსის და Data-ცენტრის აშენებაა. ასევე, Etihad Airways-მა და Boeing-მა ხელი მოაწერეს 14.5 მილიარდი დოლარის შეთანხმებას 28 თვითმფრინავის მიწოდების თაობაზე.
გარიგებების გაფორმების გარდა, ვიზიტის ფარგლებში, ტრამპი შეხვდა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას, რაც ისტორიულ მოვლენად შეფასდა, რადგან მსგავსი შეხვედრა ამერიკისა და სირიის ლიდერებს შორის ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გამართულა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის მიერ სირიაზე სანქციების მოხსნის საკითხს, რაც, სავარაუდოდ, რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დასაწყისი იქნება.
ტრამპის ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ამერიკა კვლავ მნიშვნელოვანი აქტორია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და ტრამპის დაპირება ისევ უცვლელია – ამერიკა ყველგან და ყოველთვის პირველი უნდა იქნეს და 47-ე პრეზიდენტი ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ ამერიკამ პლანეტის ყველა სახელმწიფოსგან სარგებელი მიიღოს.