რა ეტაპზეა ცხოველების ბინაზე მონიტორინგი?

რა ეტაპზეა ცხოველების ბინაზე მონიტორინგი?
მიმდინარე წლის 23 მაისიდან, ცხოველების მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებული პროექტი “კარდაკარ” ამოქმედდა, რომელიც პატრონიანი ცხოველების ბინაზე შემოწმებას გულისხმობს.

BM.GE დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი და რამდენად ეფექტურად მუშაობს სააგენტო.

უწყების ცნობით, პატრონიანი ცხოველების მონიტორინგი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მათი ინფორმაციით, გიორგიწმინდას ტერიტორია სრულად შემოწმებულია. გარდა ამისა, ამ დროისათვის მონიტორინგის სამსახური მუხიანის აგარაკებსა და გლდანის გარკვეულ ტერიტორიებს ამოწმებს.

“გიორგიწმინდას ტერიტორია მთლიანად არის შემოწმებული, ამასთან გლდანის გარკვეულ ლოკაციებსა და მუხიანის აგარაკებზე მონიტორინგი მიმდინარეობს. ძირითადად პრობლემები, რაც აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა არის ის, რომ ცხოველები არ არიან რეგისტრირებული, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ქუჩაში ცხოველების სიმრავლეს იწვევს. ანუ, თუ პატრონს ცხოველი რეგისტრირებული არ ჰყავს, მას შინაური ცხოველის ქუჩაში გაშვება თავისუფლად შეუძლია, რომელიც შემდეგ უკვე მიკვლევადი არ არის და სააგენტო მას ვეღარ ამოწმებს. ასევე, პატრონებს ცხოველი სტერილური არ ჰყავთ და არც ჯიშის დამადასტურებელ საბუთს ფლობენ (თუ ცხოველს არ აქვს ჯიშის დამადასტურებელი საბუთი, პატრონი ვალდებულია რომ ცხოველს სტერილიზაცია გაუკეთოს). პატრონებს კარზე გამაფრთხილებელი ნიშანი არ აქვთ, რომელიც მანიშნებელი იქნება, რომ სახლში ცხოველი ბინადრობს. შემთხვევები ფიქსირდება, როდესაც ცხოველები ვაქცინირებული და დაჩიპული არ არიან, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ ვაქცინაციას და დაჩიპვასაც. პირველ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებები მხოლოდ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ხოლო განმეორების შემთხვევაში უკვე დაჯარიმების პროცესი დაიწყება.

რაც შეეხება უკვე ქუჩაში გაშვებულ ცხოველებს, სააგენტოს წარმომადგენლები მათ სტერილიზაცია- ვაქცინაციას უკეთებენ. თუმცა გამოწვევაა, ის, რომ როდესაც მთლიან უბანს გავასტერილებთ და ვაქცინაციას გავუკეთებთ, ხშირია შემთხვევები, რომ ჩვენი ეკიპაჟები პატრულირებისას კიდევ უამრავ გასასტერილირებელ ცხოველს აღმოაჩენს ხოლმე” , – აცხადებს ცხოველების მონიტორინგის სააგენტო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *