EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის მიწურულს შეჩერდა, რის შემდეგაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, ხოლო თუ EQAR-ის კომიტეტი არ გაითვალისწინებდა ცენტრის არგუმენტებს, შემდგომ უკვე დამატებითი შეფასების განხორციელებას მოითხოვდნენ.
BM.GE დაინტერესდა, თუ გასაჩივრდა გადაწყვეტილება, რა ნაბიჯები გადაიდგა ცენტრის მხრიდან EQAR-ის რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად და რა ეტაპზეა რეგისტრაციის აღდგენა.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩვენი წერილის საპასუხოდ განმარტეს, მიმართეს EQAR-ს არგუმენტირებული პოზიციით და მოითხოვეს რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასება.
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის აღდგენა.
ამისთვის ცენტრმა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოსთან, ასევე EQAR-ის წარმომადგენლებთან და განათლების სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილა აღნიშნული საკითხი და მიმართა EQAR-ს არგუმენტირებული პოზიციით და მოითხოვა გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასების განხორციელება”,- აღნიშნავენ ცენტრში, სადაც არ უპასუხეს კითხვებს უშუალოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ “EQAR-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაიმართა შეხვედრები ცენტრის ხელმძღვანელობისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით და განხორციელებულ იქნა მთელი რიგი ცვლილებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში. ამასთან, მიღებული რეკომენდაციების სრულად შესრულების მიზნით, გრძელდება აქტიური მუშაობა”.
ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობის საკითხს, ცენტრში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა და შესაბამისად, ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება.
ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად მას შემდეგ შეუჩერდა, რაც ერთ-ერთ სტანდარტში – დამოუკიდებლობის ნაწილში შეუსაბამოდ შეფასდა. მათ შორის, კრიტიკული შეფასება მოჰყვა, რომ ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე პოზიციას იკავებდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მაშინ განმარტეს, რომ EQAR-ის მხრიდან რეგისტრაციის შეჩერება არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე პრობლემებს არ შექმნის. მათ შორის ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებაზე, რაზეც განათლების სექტორის წარმომადგენლები შიშობდნენ. განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები აქვთ სექტორის წარმომადგენლებს. მაგალითად, მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ EQAR უცხოელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, მისი დაკარგვის ფასი კი, მოპოვებაზე გაცილებით დიდი იქნება.