რა ვიცით ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის შესახებ?

რა ვიცით ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის შესახებ?
2025 წლის 8 მაისს, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კონკლავმა ახალი რომის პაპი აირჩია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიის ისტორიაში პირველად, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ამერიკელი კარდინალი, რობერტ ფრენსის პრევოსტი დაიკავებს, რომელიც ამიერიდან ლეო XIV-ის სახელით იქნება ცნობილი. ახალი რომის პაპის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ღვთისმსახურებას დაუთმო, რაც უმეტესწილად, არასაჯარო საქმიანობაა.

რობერტ ფრენსის პრევოსტი 1955 წელს, ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა. ახალი პაპის დედა, მილდრედი, სკოლის ბიბლიოთეკარი იყო, ხოლო მამამისი, ლუის მარიუსი, სკოლის დირექტორად მუშაობდა, მაგრამ მანამდე, მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ახალი პაპი, ისევე, როგორც ბევრი ამერიკელი, რამდენიმე თაობის იმიგრანტთა ოჯახიდანაა: მამამისი იტალიური და ფრანგული წარმომავლობისაა, როცა დედამისი კრეოლების შთამომავალი იყო.

გამორიცხული არაა, რომ სხვადასხვა ერების მშვიდობიანად თანაცხოვრების სურვილი, რომელიც ახალ რომის პაპს გაცხადებული აქვს, სწორედ მისი მრავალფეროვანი წარმომავლობით აიხსნებოდეს. ლეო XIV-ის ფილოსოფია — ან, სულ მცირე ის, რაც მის შესახებ ამ დროისთვისაა ცნობილი — ადამიანთა შორის შემწყნარებლობას და მიგრანტების, ღარიბი ფენების და გარემოს დაცვას ითვალისწინებს. ამბობენ იმასაც, რომ ახალი პაპი მისი პირდაპირი და სულიერი წინამორბედების, პროგრესულად მოაზროვნე პაპების, ფრანცისკეს და ლეო XIII-ის გამგრძელებელი იქნება.

ბოლო წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ კარდინალობის პერიოდში, რობერტ ფრენსის პრევოსტი ღიად აფიქსირებდა საკუთარი პოზიციებს მნიშვნელოვანი, ხშირად კომპლექსური და საკამათო სოციალური საკითხების მიმართ. ახალ პაპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ისეთი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მშობლებს და შვილებს ერთმანეთს აშორებს და არაერთხელ დაუჭერია მხარი დევნილებისა და ლტოლვილებისთვის. ახალი პაპი ღიად უჭერს მხარს ეკლესიაში ქალთა როლის გაზრდას, მაგრამ სწავლების ფარგლებში.

როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, ახალი პაპი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია და ხშირად მონაწილეობს, როგორც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზებში, ასევე თავად არჩევნებში. თქმა იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს ახალი პაპი, შეუძლებელია, მაგრამ, ლეო XIV, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკურ ჭრილში ახალი პაპი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და ცხოვრების უდიდეს ნაწილს ეთიკურ, მორალურ და სულიერ საზრდოს უთმობს.

ახალი რომის პაპისთვის მნიშვნელოვან თემადაა მიჩნეული კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ დათბობასთან ბრძოლა. როგორც რობერტ ფრენსის პრევოსტი კარდინალობის პერიოდში ამბობდა, ადამიანები “საუბრიდან საქმეზე უნდა გადავიდნენ, ხოლო ბუნებაზე ბატონობამ ტირანიად არ უნდა იქცეს, პირიქით — ადამიანებს და ბუნებას შორის ორმხრივი ურთიერთობა უნდა არსებობდეს”. მისივე თქმით, კარდინალი და აწ უკვე პაპი უნდა იქცეოდეს არა სასახლეში გამოკეტილი უფლისწულივით, არამედ თავს მრევლის წევრების თანასწორად უნდა აღიქვამდეს.

ეს პათოსი გააზიარა ახალმა რომის პაპმა მისი პირველი სიტყვისას, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, რომის პაპის ამპლუაში წარმოთქვა. ლეონ XIV-მ ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის არსებობას, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საკმაოდ დროული მოწოდებაა.

“მშვიდობა იყოს თქვენთან! საყვარელო ძმანო და დანო, ეს არის მისალმება, რომელიც მკვდრეთით ამდგარმა ქრისტემ წარმოთქვა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება უფლისთვის გაწირა. მინდა გისურვოთ, ამ მისალმებამ თქვენს გულებში დაიდოს ადგილი, მისწვდეს თქვენს ოჯახებს და ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან — მშვიდობა იყოს ხალხთა შორის და მშვიდობა იყოს პლანეტაზე. სამუდამოდ გვახსოვს პაპ ფრანცისკეს სუსტი, მაგრამ მამაცი ხმა, რომელმაც რომი დალოცა. ნება მომეცით, ეს დალოცვა გავაგრძელო. ღმერთი ჩვენზე ფიქრობს, ღმერთს ყველა უყვარს და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.

ჩვენი ცხოვრება ღმერთის ხელშია. შესაბამისად, უშიშრად, ერთად და ღმერთთან და ერთმანეთთან ხელიხელ ჩაჭიდებულებმა უნდა ვიმოძრაოთ წინ. ჩვენ ყველანი უფლის მოციქულები ვართ. ქრისტე უპირატესია და მსოფლიოს მისი სინათლე სჭირდება. კაცობრიობას სჭირდება ქრისტე, როგორც ხიდი, რომლითაც ღმერთი და მისი სიყვარული მოგვწვდება. დაგვეხმარეთ და დაეხმარეთ ერთმანეთს ამ ხიდების აგებაში; დაგვეხმარეთ დიალოგით, ურთიერთქმედებით, გაერთიანებით და მშვიდობით. დიდი მადლობა პაპ ფრანცისკეს! დიდი მადლობა ჩემს მოძმე კარდინალებს, რომელთაც პეტრეს გამგრძელებლად ამირჩიეს და თქვენ გვერდით ყოფნის საშუალება მომცეს.

მივესალმები რომის კათოლიკურ ეკლესიას! შევეცადოთ, ვიყოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც აგებს ხიდებს და იწყებს დიალოგს და ყოველთვის მზადაა ხელგაშლილად მიიღოს ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება, ჩვენთან საუბარი და ჩვენი სიყვარული სჭირდება”, — განაცხადა ლეონ XIV-მ.

არსებობს მოსაზრება, რომ შემოსავლის და ქონების მხრივ, ახალი პაპი მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს ფილოსოფიას გააგრძელებს. შესაბამისად, პირად შემოსავალს არც პაპი ლეო XIV აიღებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომის კათოლიკური ეკლესია პაპის ყველა საცხოვრებელ ხარჯს დაფარავს. ისე კი, დიდი შემოსავალი ახალ პაპს არც კარდინალობის პერიოდში ჰქონდა, როცა მისი თვიური ხელფასი €5,000-მდე იყო. ფლობს თუ არა ახალი პაპი პირად ქონებას, უცნობია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მდიდარი იყოს.

ახალი რომის პაპის მშობლები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, ხოლო ამ დროისთვის მას ორი ძმა დარჩა. რობერტ ფრენსის პრევოსტის ახალ რომის პაპად არჩევის შემდეგ, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ორივე ძმა იპოვეს და მათთან არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს. როგორც ლეო XIV-ის ძმები ამბობენ, მომავალი პაპი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული იყო, რის გამოც ძმები და მეგობრები მას ხუმრობით “წმინდანად” მოიხსენიებდნენ. მათივე თქმით, რეალურ კონკლავამდე ცოტა ხნით ადრე, მათმა ძმამ ამავე სახელწოდების მქონე ფილმს უყურა, რათა სცოდნოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

“ყოველთვის სულით და გულით სურდა, მისიონერი ყოფილიყო. ეპისკოპოსობა და კარდინალობა არ სურდა, მაგრამ ეს დაავალეს და შესაბამისად მოიქცა. ყოველთვის სურდა პერუში მისიონერად დაბრუნებულიყო, რადგან უძლურების, ღარიბების და ყველასგან მივიწყებული ადამიანების დახმარება სურს. ვფიქრობ, ამ მხრივ ის პაპ ფრანცისკესავით იქნება, ანუ ისიც უძლურებისთვის იმუშავებს, მაგრამ საქმეს საკუთარ დეტალებსაც შესძენს.

პაპობისთვის ის საკმაოდ ახალგაზრდაა, შესაბამისად აქტიური იქნება, ბევრ ადგილს მოინახულებს და ღიად ილაპარაკებს იმაზე, რასაც ფიქრობს. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი ისტორია არ არის, რადგან სემინარიაში ჯერ კიდევ მერვე კლასის შემდეგ ჩააბარა. მას შემდეგ, ზაფხულის არდადეგებზე და დღესასწაულებზე ვხვდებოდით, მერე კი ბერად აღიკვეცა. დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდით…

ხომ იცით, რომ ზოგიერთ ბიჭს ომობანის თამაში უყვარს, გოგოები კი თოჯინებით თამაშობენ ხოლმე. ის ყოველთვის მღვდელს თამაშობდა, დედას დასაუთოებელ მაგიდას აიღებდა, ნაჭერს გადააფარებდა და მესას აწყობდა. ყველაფერი იცოდა, მათ შორის ლოცვები, როგორც ინგლისურად, ასევე ლათინურად და თან, ამ ყველაფერს სრული სერიოზულობით ეკიდებოდა და არა ხუმრობით, არ მიაჩნდა რომ თამაშობდა. საინტერესოა, ჰო? იცით, ბაღში დადიოდა ან პირველ კლასში, როცა ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, ერთ დღეს პირველი ამერიკელი პაპი გახდებიო… ეს პირველ კლასშიც ეტყობოდა!”, — განაცხადა პაპ ლეო XIV-ის ძმამ, ჯონ პრევოსტმა CBS-თან.

გუშინდელი დღის შემდეგ, რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი მეთაური ჰყავს. ამიერიდან, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს ამერიკელი რობერტ ფრენსის პრევოსტი უხელმძღვანელებს, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია. ქრისტიანულ სამყაროში რომის კათოლიკური ეკლესია უდიდესი დენომინაციაა, რომლის მოძღვრებას 1.4 მილიარდი ადამიანი იზიარებს, ანუ ქრისტიანების ნახევარზე მეტი და მსოფლიოს მოსახლეობის 17%. რომის ეკლესიის ცენტრი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანია, მაგრამ თავად ეკლესია, რომელსაც 400,000-ზე მეტი მღვდელი წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში ოპერირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *