რა ითქვა ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებაზე საქართველოში – განცხადებები

რა ითქვა ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებაზე საქართველოში – განცხადებები
ევროპარლამენტში სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე”, ევროპარლამენტარები სიტყვით გამოვიდნენ.

სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ, განაცხადა რომ საქართველოში ვითარება „საგანგაშო სისწრაფით უარესდება“.

“საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ. ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს… საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს. მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს. მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი “ქეისი” თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას… ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს”, – განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.

ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი გზა დამოუკიდებელი მედიის გადარჩენაა.

“გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რასაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც აქ, ამ პალატაში, ქვეყანაზე კეთდება. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არსებობდეს პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები ქმნიან, როგორიც მზია ამაღლობელია. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ზოგჯერ ებრძვიან სასაცილო ზომებით პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული მთავრობა”, “რეჟიმის პატიმრები” ან “პრორუსული რეჟიმი”, ყველა ეს გამოთქმა ახლა აკრძალულია ქვეყანაში.”- განაცხადა მან.

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ დიქტატურისთვის დანებება, დანაშაულია.

“საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება. “ქართული ოცნების” დომინაციის ქვეშ მყოფი მთავრობა სასტიკად ახშობს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და ღია ომს აწარმოებს თავისუფალ მედიასთან. მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტის გამბედაობა გააჩნდა. თავის დრამატულ მოწოდებაში მან თქვა: “არ მივიღებ რეჟიმის დღის წესრიგს, ვიწყებ შიმშილობას. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე“. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრება – თითქმის 4 წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია. “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც კულისებს მიღმა ბიძინა ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროპული გზა შეაბრუნა. ეს ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მოსკოვის სატელიტი გახდა. არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დგომა და ყურება. საქართველოს დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვისა და ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვის. დიქტატურის მხარდაჭერა, დიქტატურისთვის დანებება – დანაშაულია. სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა ასევე დანაშაულია”, – განაცხადა გოშევსკამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *