ოფიციალურმა უწყებებმა კიბერთავდასხმის, საბოტაჟისია და მეტეოროლოგიური ფენომენის ვერსიები გამორიცხეს. კოლაფსის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Telegraph-მა განახლებადი ენერგია დაასახელა, თუმცა სტატიაში ექსპერტთა მოსაზრებები გაზიარებული არ იყო.
საქმე ისაა, რომ, როგორც ესპანური ქსელის ოპერატორი Red Electrica იტყობინება, ელექტროენერგიის გენერაციის პრობლემა სათავეს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იღებს – სწორედ ეს ტერიტორიაა ქვეყნის მზის ენერგიის მთავარი წყაროც.
ესპანელი ექსპერტები დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნავდნენ, რომ ესპანურ ქსელს ინფრასტრუქტურის განახლება სჭირდებოდა, რათა მზისა და ქარის ენერგიის მაღალი ტემპით ინტეგრაციისთვის გაეძლო. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ განახლებად ენერგიას მასობრივ კოლაფსში არავითარი როლი არ შეუსრულებია.
როგორც ესპანური ენერგეტიკული კომპანია Fundacion Renovables განმარტავს, 2მეგავატის ან მეტი სიმძლავრის განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურები ენერგოქსელში დაფიქსირებული სიხშირეების მერყევობის გამო გაითიშა, რაც უსაფრთხოების ეროვნულ პროტოკოლთანაა თანხვედრაში. შესაბამისად, მათი თქმით, ელექტროსადგურების შეფერხება შედეგი იყო და არა – გამომწვევი მიზეზი.
“ფაქტს, რომ ესპანეთში განახლებადი ენერგიის გენერაცია მაღალია, კავშირი არ აქვს ქსელის შეფერხებასთან, რომელიც ორშაბათს დაფიქსირდა. დასანანია, რომ ასეთი უკიდურესად სერიოზული შემთხვევა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განახლებადი ენერგიის ვერსიას არ აღიარებს არც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩეზი, რომელიც აღნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც უშუქობას ბირთვული ენერგიის ნაკლებობასთან აკავშირებენ, ან იტყუებიან, ან “უცოდინარობას ავლენენ”. მისივე განცხადებით, მთავრობამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელიც ენერგოკოლაფსში კერძო კომპანიების როლს გამოიკვლევს.
განახლებადი ენერგიის დამცველები იმასაც ამტკიცებენ, რომ მწვანე რესურსები ესპანეთს ელექტროენერგიის აღდგენაში დაეხმარა, რადგან გენერაციის სანდრო წყაროების ქონა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის პროფესორი, სტივენ ჯარვი აღნიშნავს, იმ დროს, როდესაც ესპანეთში ბირთვული, გაზისა და ქვანხაშირის ელექტროსადგურები სრულად იყო გათიშული, მზის, ქარისა და წყლის ელექტროსადგურები ენერგიას გამოიმუშავებდნენ.