რა კეთდება/გაკეთდება საქართველოს აეროპორტებში? – კობახიძის ანგარიში

ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის მიერ “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში საქართველოში არსებული აეროპორტების შესახებ არის საუბარი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: “საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა აზიის განვითარების ბანკთან ქვესესხის წერილის ხელმოწერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის კვლევის ჩატარების დასაფინანსებლად. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან, ეტაპობრივად, გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: ასევე დაიწყო და მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რისთვისაც, ჯამში, 240 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს. საანგარიშო პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდა მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის შენობა და იგეგმება მისი აღჭურვა. აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქცია და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობის დასრულება განხორციელდება მიმდინარე წელს.

მესტიის და თელავის აეროპორტები: 2024 წელს დასრულდა მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება. საანგარიშო პერიოდში, ასევე დასრულდა თელავის აეროპორტის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზი, მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, რის საფუძველზეც, 2025 წლის განმავლობაში, ოპერატორი კომპანია განახორციელებს სამგზავრო ტერმინალისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გაფართოებას.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, მილიონნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა. სულ გადაყვანილ იქნა 1 539 619 მგზავრი, რაც 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7.695 ტონა შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *