ქართული, ბრიტანული და გერმანული შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალები საერთაშორისო ბაზარზე ახალი ინოვაციური პლატფორმის, BridgeToFunds (B2F)-ის გასაშვებად ემზადებიან. გლობალური სტარტაპი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ SaaS პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც შემოქმედებით ეკონომიკას ემსახურება. B2F-ის მიზნებზე ვრცლად “საქმიან დილაში” “ბრიჯინგ ეიჯენსის” გენერალურმა დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, ახალი გლობალური პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს და ინვესტორ ორგანიზაციებს, შემოქმედებისთვის კი ფორმალურ საკითხებს ამარტივებს.
“აღმოჩნდა, რომ ჩვენი, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების, პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ ვერ ვწერდით ფორმალურ დოკუმენტაციას. ვავითარებდით იდეებს, მაგრამ გვიჭირდა სპონსორთან კომუნიკაცია, მასთან ფორმალური ურთიერთობა. განსაკუთრებით გვიჭირდა ინვესტორებთან საუბარი.
აქედან გამომდინარე, როცა გაჩნდა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის სახით, მივხვდით, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ ფორმალური ნაწილი ჩამოვაშოროთ შემოქმედებით ადამიანებს. შევქმენით პროდუქტი, რომელიც იდეის განვითარების და მისი ფორმულირების საშუალებას იძლევა, მხოლოდ კომუნიკაციით. ანუ, შემოქმედებით ადამიანს შეუძლია, უბრალოდ ტექსტი აუტვირთო პროგრამას, ჩვენი პროდუქტი გაჰყვება მას ყველა ამ ეტაპზე”, – ამბობს სერგი გვარჯალაძე.
მისივე თქმით, ინფორმაციის გენერირებისთვის B2F რამდენიმე დიდი ენის მოდელს ეყრდნობა და მხოლოდ შემოქმედებით სფეროზეა სპეციალიზებული. გვარჯალაძე განმარტავს, რომ ახალი პლატფორმა არა მხოლოდ შემოქმედებს, არამედ ინვესტორებსაც ეხმარება.
“ჩვენი პროდუქტი საშუალებას იძლევა, შემოქმედმა ადამიანმა ჩამოაყალიბოს იდეა, შექმნას ბიზნესგეგმა და ბლოკჩეინში დაარეგისტრიროს დროის შტამპით. გვაქვს ძალიან დიდი ბაზა გლობალური ინვესტორების, რათა შესაფერისი ინვესტორი მოუძებნოს პროექტს. მეორე მხრივ, ეს პროდუქტი ასევე ინვესტორებისთვისა და ორგანიზაციებისთვსაცაა.
B2C მხარე არის შემოქმედებისთვის, B2B კი – ყველა ინდუსტრიისთვის, რომელიც ფიქრობს პროექტის დაფინანსებაზე, სპონსორობაზე ან ინვესტიციის ჩადებაზე. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, გავფართოვდეთ და სააგენტოს სახე მივიღოთ, მოვახდინოთ საინტერესო პროექტების გენერირება და მათი გეოგრაფიული განაწილება”, – ამბობს გვარჯალაძე.
BridgeToFunds პლატფორმის ბეტა ტესტირება 1 მაისიდან დაიწყება. პლატფორმის მთავარ ბაზრებად აშშ და დიდი ბრიტანეთი განისაზღვრა, თუმცა ის საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ქვეყანაში ბაზირებულ შემოქმედს გაუწიოს დახმარება. Bridgetofunds.com-ის სერვისების ნაწილი ფასიანი იქნება, სრულყოფილი გაშვება კი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.