მებაღე და „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ან ტექნოლოგიით ვერ შეეჯიბრება, თუმცა შეუძლია გააკვირვოს საკუთარი ავთენტიკურობით – იმით, რაც მხოლოდ აქ არის და არსად სხვაგან. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში #BMGDRIVE-ში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ბოტანიკური ტურიზმის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს შეეხებოდა.
„ჩვენ ვერ შევეჯიბრებით მსოფლიოს სიდიდით და მასშტაბურობით. ჩვენთან მოსულ ადამიანს, უნდა ვაჩვენოთ, გავასინჯოთ და შევაგრძნობინოთ განსაკუთრებული, ჩვენი. ისეთს, რომელსაც სხვაგან ვერ გასინჯავს. მაგალითად, ჩვენი სუფრა კი არ უნდა განვაახლოთ და გავამრავალფეროვნოთ, პირიქით ისე უნდა ვაჩვენოთ, როგორიც არის. არაფერი ახალი ამას არ სჭირდება“, – ამბობს შევარდნაძე.
მისი თქმით, სწორედ ძველის შენარჩუნებაშია უნიკალურობა. შევარდნაძე პარალელს ავლებს ბაღთანაც — ამბობს, რომ არის რაღაცები რასაც არ უნდა შეეხო.
„განახლების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ გაახლება სხვა ამბავია, განაახლონ სპეციალისტებმა, შეფ მზარეულებმა გააკეთონ ახალი მენიუები, ამაზე უკეთ ვერ ვიზამთ. ხოლო, რასაც ძმარი, ქინძი, ნიორი და ნიგოზი იძლევა, ამაზე უკეთეს კომბინაციას, რაც არ უნდა უჩხიკინო, ვერ შექმნი, გამორიცხულია. შესუნელებული კეჟერა ფხალი ან თხილიანი ეკალა ან მინდვრის ფხალი, რომელშიც 20 სახეობის ბალახია, იმაზე უკეთესი ფორმულა არ არსებობს, ვერ გააკეთებ. ეს საუკუნეებმა მოიტანა. საუკუნეებში იწრთობოდა ეს რეცეპტი და შენამდე მოვიდა ისე, რომ იმაზე უკეთესად ვერ გააკეთებ.
ვერავის ვერაფრით ვერ გააკვირვებ, ამიტომ შენი აჩვენე, შენით მოიწონე თავი. ნინო რამიშვილი ამბობდა, არ შეიძლება ქართული ცეკვისთვის ხელის ხლებაო. ისე არ შეიძლება რაღაცებისთვის ხელის ხლება. ბაღშიც ასეა, არ შეიძლება რაღაცებისთვის ჩხიკინი. ის უნდა დატოვო ისე, როგორც არის და საჩხიკინოს და საკეთებელის მეტი რა გვაქვს, ის ვაკეთოთ“, – აცხადებს „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი.