რა უთხრა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიას “ოცნების” FARA-ს შესახებ? – ნინო ზურიაშვილი

რა უთხრა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიას “ოცნების” FARA-ს შესახებ? – ნინო ზურიაშვილი
სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] შესაბამისად, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო არ დარეგისტრირდებიან.

როგორც ჟურნალისტებს ზურიაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან, რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრის შემდეგ უთხრა, იმის გასაგებად შეეხებათ თუ არა მედიას FARA ამისთვის ჯერ ბიუროს უნდა მიმართონ. “თქვა, რომ უნდა შემოიტანოთ განცხადება აგენტების რეესტრში და მერე გეტყვით ხართ თუ არაო”. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, ბიუროსგან არ არის მკაფიო პასუხი გავრცელდება თუ არა ეს კანონი ჟურნალისტებზე.

“მკაფიო პასუხი არ არის, რადგან ამბობს რომ თუ შენ ეწევი პოლიტიკურ საქმიანობას მაინც უნდა დარეგისტრირდე მიუხედავად შენი ჟურნალისტური სტანდარტებისა. აი ეს არის ქვაკუთხედი… პოლიტიკური აქტივობა თუ ჩაგიტარებია”.

“მეო თქვენ კონფერენციაზე რაც გითხარით და წესები გაგაცანით ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გადაწყვიტოთ გეხებათ თუ არაო. 31 მაისიდან უნდა მობრძანდეთ, დარეგისტრირდეთ და მერე გადავწყვეტთ გეხებათ თუ არაო. პოლიტიკური საქმიანობის განმარტება არის ძალიან საინტერესო თუ საჯარო პოსტი დაგიდია ვიღაცაზე კრიტიკული ან საპროტესტო აქციაზე წასულხარ, ეს ყველაფერი პოლიტიკური საქმიანობაა. რასაც ვფიქრობდით ზუსტად ეს არის: ამ ქვეყანაში ან აგენტი უნდა იყო ან ციხეში წახვიდე. დღეს ეს პერსპექტივა გვაქვს. არცერთ შემთხვევაში არ დავრეგისტრირდებით, რადგან აგენტები არ ვართ, თავისუფალი ჟურნალისტები ვართ. ამის გამო იშლებიან ჭკუიდან რომ ვერ გვაკონტროლებენ”, – ამბობს ზურიაშვილი.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომლის უწყებამაც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ უნდა აღასრულოს, დღეს, 21 მაისს, ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “ნეტგაზეთი” წერს, კუპრაშვილს ნინო ზურიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰკითხა ჯილდოდ მიღებული თანხა, რომელიც ორგანიზაციას გადასცეს, ხდის თუ არა მას კანონქვემდებარეს.

“თუ დააკმაყოფილებს [კანონით გათვალისწინებულ] დანარჩენ კრიტერიუმებს ორგანიზაცია, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ფული ფორმით აქვს მიღებული – ჯილდოთი, თხოვებით თუ ა.შ.”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კითხვაზე, უცხოეთში სასწავლო ტურში მონაწილე ფიზიკური პირი, მაგალითად ჟურნალისტი, ხდება თუ არა კანონის ქვემდებარე, კუპრაშვილი პასუხობს:

“ამ შემთხვევაშიც თუ აკმაყოფილებს კანონის კრიტერიუმებს, შეეხება”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მაგალითად რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალისტი, რაჟდენ კუპრაშვილი განმარტავს:

“ჟურნალისტი, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის დონორი და აკეთებს პოლიტიკას, მას მოუწევს დარეგისტრირდეს “ფარას” ვებგვერდზე”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს “ჟურნალისტი აკეთებს პოლიტიკას”, რაჟდენ კუპრაშვილი პასუხობს:

“მაგალითად, პოლიტიკური გადაცემა, რომელიც მიჰყავს [ჟურნალისტს], იწვევს პოლიტიკოსებს… ძალიან ბევრი გადაცემა შეგვიძლია მივასადაგოთ”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით:

“ჟურნალისტური გამოძიება არის ფაქტების კონსტატაცია და შეიძლება არ შევიდეს. მაგალითად, თქვენ გამოიძიეთ ვინმეს კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით და რაღაც სიუჟეტი გააკეთეთ, თუ ეს სიუჟეტი არის ფაქტების კონსტატირება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, არ დაექვემდებაროს FARA-ს რეგისტრაციას. მე არ შემიძლია კონკრეტულ ქეისებზე გიპასუხოთ, მაგრამ კაბინეტში რომ დავჯდები შეიძლება სხვა რაღაც იყოს, ამიტომ ვამბობ ზედაპირულად”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *