– მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩემი უახლოესი და დიდი ხნის მეგობრები არიან… ყველაფერს ხომ აქვს თავისი დასაწყისი და მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკის შექმნას – ჩვენ ამ ქვეყანაში ერთად დავიწყეთ ბიზნესის კეთება და სხვადასხვა ბიზნესების განვითარება… „თიბისი ბანკი“ – საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი ხომ ამ ადამიანების შექმნილია?! „თიბისი“ ხომ თანამედროვე საქართველოს ბიზნესის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ინსტიტუტს უზარმაზარი წვლილი აქვს უამრავი ადამიანის თუ ბიზნესის წარმატებაში… იცით, შეიძლება, ყველა კანონში დეტალურად ვერ ვერკვევით და არცაა აუცილებელი, მთავარია, ჩვენი საქმე ვიცოდეთ კარგად, მაგრამ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, 8 თვე მიუსაჯო და ხელბორკილები საჯაროდ დაადო, ცოტა ისეთი გრძნობა მებადება, რომ ეს მხოლოდ მათზე კი არაა გათვლილი, ეს რაღაც იდეოლოგიის დამყარების [ჩვენებაა], ალბათ შიშის დამკვიდრებაა… მძიმე სანახავია. სამართლებრივი პროცედურები უნდა დაიცვა, მაგრამ დანაშაულსაც ხომ გააჩნია?! დიდი და სახიფათო დანაშაული [ჩაიდინეს?!] ადამიანი თავისი ფეხით მიდის და ჯდება მანქანაში და სახალხოდ ბორკილების დადება აუცილებელი იყო?! რაღაც ისეთი დანაშაული რომ ჰქონოდათ – ან ფინანსური ან კრიმინალური, სხვა თემაა, მაგრამ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, სახალხოდ ბორკილების დადება ეს რაღაც გაუგებრობა კი არაა, შეურაცხყოფა უფროა… კი არ მერიდება სახელის დარქმევის, უბრალოდ, არ ვიცი, ამას რა ჰქვია, თორემ ვიტყოდი… რაღაც არასწორ სიტუაციაში ვართ გახვეული.
– რა განწყობაზე გაყენებთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ბიზნესმენებს?
– რა თქმა უნდა, დამთრგუნველად მოქმედებს ის, რაც ხდება საქართველოში. განწყობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული და ის, რომ ჩვენი სამუშაოს დიდ ნაწილს ვუთმობთ, არა ეკონომიკას და ბიზნესს, არამედ პოლიტიკური სიტუაციის ანალიზს და იძულებულს გვხდიან, ჩავერთოთ, რადგან ეს ეხება ჩვენს მეგობრებს, დამთრგუნველია. ბუნებრივია, განვიცდით, როცა მეგობრებს აკავებენ.
– ახალგაზრდები ციხეში, ქალი ჟურნალისტი ციხეში, ქალი აქტივისტი ციხეში, პოლიტიკური ლიდერები ციხეში… – რა ჩაიფიქრა და რისი ჩვენება უნდა ამ ქმედებებით „ქართულ ოცნებას“?
– არ ვიცი, ეს ყველაფერი მასებზე როგორ აისახება… არასწორი აზროვნების მაჩვენებელია, თუ ის, რაც ხდება ქვეყანაში, ბევრ ადამიანს მოსწონს. პირადად ჩემზე და ჩემს ახლობლებზე, მოგეხსენებათ, უამრავ ადამიანთან მაქვს კავშირი და ვაფასებთ ამ თემას, მხოლოდ დამთრგუნველად კი არ მოქმედებს… ორი მომენტია – შეშინების და დისკომფორტის… რაღაცნაირად ისე ჩამოყალიბდა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცდილობს, მეორე ნაწილი დაჩაგროს, დაამციროს და ეს მეორე ნაწილი, ვის დაჩაგვრასაც ცდილობენ, უფრო წარმატებული და საჭირო ხალხია ქვეყნისთვის, ვიდრე ის, ვინც მათ ამცირებს და უხარიათ….
– რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას მიმდინარე სიტუაციის შესაცვლელად?! – მათ შორის ბიზნესმენებს…
– არ მიყვარს ამ თემებზე ვიღაცისთვის მორალის კითხვა… მორალს არავის ვუკითხავ, მაგრამ სიჩუმეც არ ვარგა. აზრის დაფიქსირება, როგორც ეტყობა, დასჯადია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი აზრი არ გამოხატო. ადამიანის შრომა და მისი როლი თანამედროვე საქართველოს [ეკონომიკის] განვითარებაში თუ არ გაითვალისწინე და ყველაფერს ხაზი გადაუსვი, მაშინ რატომ ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში?! რატომ ვქმნით ბიზნესის ისტორიას?! რატომ ვქმნით ოჯახის ისტორიას, თუ ეს ყველაფერი არაფერი ყოფილა და არაფერი არ ფასდება?! ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი ქვეყნის, ოჯახის, ბიზნესის წინაშე – ზოგი დიდ თემას აკეთებს, ზოგი ძალიან დიდს, ზოგიც – საშუალოს და ყველას თავისი ფასი აქვს, ყველაფერი არ უნდა გაუბრალოვდეს…
– რას ეტყოდით ბიძინა ივანიშვილს დღეს და როგორ ფიქრობთ, რას უქადის ქვეყანას „ქართული ოცნების“ ქმედებები?
– მე არ ვიცი, შედეგი რა იქნება, მაგრამ კარგი [რომ არ ხდება], ეს ვიცი. ურთიერთობა მაქვს ჩემს კოლეგებთან საზღვარგარეთ და ამ თემებზე რომ ვსაუბრობთ, ყველა გაკვირვებულია. რა უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს?! გადახედოს თავის განვლილ გზას, რა რთულად მიაღწია თავის ბიზნესის განვითარებას. არანაკლები სირთულეები გვაქვს ჩვენც გავლილი და პატივი უნდა სცეს იმ ადამიანების შრომას და წვალებას, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკა შექმნეს. ეს ხალხი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს.
– საქართველოს რა ემუქრება?
– ახლა [უკვე] იზოლაციაში ვართ და ქვეყანა შეიძლება იზოლაციაშიც არსებობდეს, მაგრამ ადამიანები არ იქნებიან ბედნიერები. თუ ქვეყანას ვმართავთ, ჩვენ უნდა ვმართოთ ბედნიერი ადამიანების ქვეყანა და არა ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობასა და უპატივცემულობაში არიან და მომავლის პერსპექტივა არ აქვთ…. იცით, მაინც უნდა გამაგრდეს ყველა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც დააკავეს; ისინი ძალიან მაგრები და ვაჟკაცები არიან. ეს დაკავება მათ უფრო გაამაგრებს, ვიდრე დაასუსტებს და შესაძლებელია, კარგიც არის… იწყება ადამიანების დახარისხება ძლიერებად, სუსტებად, შურიანებად, მლიქვნელებად, მოკლედ, საინტერესო პროცესებია.