მისი მოსაზრებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, გვქონდეს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი.
“ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალის და დაწესებულებების მხრიდან, არამედ მოსახლეობის მხრიდანაც. როდესაც რეფორმას იწყებ, ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის მექანიზმი რამდენად ეფექტური იქნება. ვამბობთ რომ 120 მილიონ ლარს დავხარჯავთ და დაფინანსებას გავუზრდით ექთნებს, ექიმებს მაგრამ როგორ გავაკონტროლებთ ამ პროცესებს და რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი მონიტორინგი. მათ ხელფასი უნდა მიიღონ შესრულებაზე დაყრდნობით, ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთ რეფორმას და ანაზღაურების ახალ მოდელს შემოვიტანთ, რამდენად ეფექტურად ვმართავთ ქრონიკულ დაავადებებს, მით უმეტეს, როცა ჩვენი მოსახლეობა დაბერებადია. რამდენად პრევენციულ ღონისძიებებს განვახორციელებთ ეფექტურად და როგორი იქნება ჯანდაცვის პროგრესის თვალსაზრისით, რომ ჰოსპიტალიზაციის ხარჯები შევამციროთ – ეს ყველაფერი თუ არ გავზომეთ, მონიტორინგი გავიწიეთ და არ შევაფასეთ, როგორი ეფექტურობით ხორციელდება, ვფიქრობ გარკვეული სისუსტე იქნება და რეფორმის წარმატებას ხელს არ შეუწყობს.
მეორე საკითხია, თავად ადამიანური რესურსი, ძალიან კარგია რომ სახელმწიფოს აქვს პირველად ჯანდაცვაში ადამიანური რესურსის განვითარების 2025-დან 2027 წლამდე გეგმა, მაგრამ ეს ცოტა მოკლევადიანი გეგმაა და არ ვიცი რამდენად მდგრადი იქნება მისი შემდგომი გაგრძელება, რადგან ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გეგმები, მინიმუმ საშუალო ან გრძელვადიანი პერსპექტივაა.
თუ ჩვენს დაბერების პრობლემას გავითვალისწინებთ, ის ჩვენს პერსონალსაც ეხება, განსაკუთრებით თერაპიულ სპეციალობებს. ახალგაზრდა თაობა რატომღაც უფრო ქირურგიულ სპეციალობებს, თანამედროვე მიმართულებებს ირჩევს და ნაკლებად საოჯახო და შინაგან მედიცინას. ერთია, როგორ მოვახერხებთ კადრების მოზიდვას და მეორე როგორ შევინარჩუნებთ.
ცალკე თემაა საექთნო პერსონალის პრობლემა. რადგან სათემო მომსახურება ეს არის გუნდი, ექიმი და ექთანი. ადგილზე მომუშავე სტუდენტი ან რეზიდენტი არ არის სათემო მომსახურება, ეს არის წამსვლელი კადრი და ჩვენ გვინდა ხანგრძლივი მახსოვრობა ჩვენი ოჯახების შესახებ – ექთანი რომელსაც ახსოვს ჩვენი დაბადება და მოგვყვება დიდი ხნის განმავლობაში. პრესტიჟი და ფინანსური ინსენტივი უნდა გაიზარდოს და ასევე მოსახლეობის ნდობა უნდა გავზარდოთ”, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას იწყებს. დაფინანსების ზრდა, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სქემის შემოღება და მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების სპექტრის ზრდა -„ქართული ოცნების“ შემდეგი წლების გეგმის ნაწილია, რა მიზნითაც ის სექტორში 120 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სარჯველაძის წინამორბედების პირობებშიც სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა, თუმცა ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის რგოლში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ დრომდე არ გატარებულა.