რა ქონებას ფლობს ახალი შს მინისტრი გელა გელაძე

რა ქონებას ფლობს ახალი შს მინისტრი გელა გელაძე
დღეს “ქართული ოცნების” მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა. გელაძე 2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, 2024 წლის დეკემბრიდან, მიმდინარე წლის აპრილამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2023-2024 წლებში განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2018-2023 წლებში კი განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. გელაძეს უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წელს აქვს შევსებული და ის 2023 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს.

დეკლარაციის თანახმად, გელაძის მეუღლეს ნათია ელიზბარაშვილს ეკუთვნის ჭავჭავაძის გამზირზე 175 კვადრატული მეტრის ბინა, ასევე 814 კვადრატული მეტრის ნაკვეთი კოჯორში, 168 კვადრატული მეტრის ბინა ოქროყანაში (ინოვაციების ქუჩაზე), 234 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე 61 კვადრატული მეტრის ბინა ბაკურიანში, 94 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კოჯორში და რამდენიმე ავტოფარეხი, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირზეც. გელა გელაძე კი ფლობს 1,468 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ბეთანიაში და 7,350 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ახმეტაში.

მსუბუქი ავტომობილებიდან ნათია ელიზბარაშვილი ფლობს 2024 წელს 105 ათას ევროდ ნაყიდ მერსედესს (მოდელი დაკონკრეტებული არაა), გელა გელაძეს კი ეკუთვნის 70,000 დოლარად 2013 წელს შეძენილი Toyota L200.

გელა გელაძეს საბანკო ანაბარზე განთავსებული აქვს 146 ათასი დოლარი, მის მეუღლეს კი 23,625 დოლარის საბანკო დანაზოგი.

გელა გელაძემ 2023 წელს განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე 53,628 ლარის ხელფასი მიიღო, ხოლო მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე კი 10,932 ლარი.

გელა გელაძემ ბრიტანეთში შვილის უმაღლესი განათლების საფასურში 33,519 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ასევე 7-7 ათასი ევრო შვილების კერძო სკოლაში სწავლისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *