რა ქონებით მიდის ყაზახეთიდან უნგრეთში ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი? – დეკლარაცია

რა ქონებით მიდის ყაზახეთიდან უნგრეთში ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი? – დეკლარაცია
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. მანამდე ის ყაზახეთში ელჩის პოსტს იკავებდა.

ლალიაშვილი დიპლომატიურ სამსახურამდე მედიასფეროში საქმიანობდა. 2020-2021 წლებში ის ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი იყო.

უნგრეთში ის შეცვლის თამარ ლილუაშვილს, რომელიც ახლა იტალიაში საქართველოს ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მიდის ყაზახეთიდან უნგრეთში ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.

საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

დეკლარაცია

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლალიაშვილს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. ნიკოლოზ ლალიაშვილის საკუთრებაში ოფიციალურად არც ერთი უძრავი ქონება არ არის.

მეუღლე მაკა ლალიაშვილის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონებები:

  • მაჩაბლის ქუჩაზე 72 კვ.მ ბინა, შეძენილი 2017 წელს — 65 000 აშშ დოლარად;
  • იმავე მისამართზე 30 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, შეძენილი 2018 წელს — 15 000 აშშ დოლარად;
  • მაჩაბლის ქუჩაზე 4.2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, შეძენილი 2017–2018 წლებში — 4 000 აშშ დოლარად;
  • მაჩაბლის ქუჩაზე 68.47 კვ.მ ფართი — 55 000 აშშ დოლარი;
  • მაჩაბლის ქუჩაზე 33 კვ.მ ბინა — 25 000 აშშ დოლარი;
  • 2018 წლის დეკემბერში შეძენილი 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი ოქროყანაში — 70 000 აშშ დოლარი.

ნიკოლოზ ლალიაშვილს ეკუთვნის მაჯის საათი OMEGA რომლიც 2017 წლის დეკემბერში აჩუქეს და ღირებულებას არ უთითებს და 2019 წლის დეკემბერში ჩუქებით მიღებული მაჯის საათი CARTIER, რომლის ღირებულებაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.

ლალიაშვილს აქვს შემდეგი ციფრულ აქტივები:

  • 2018 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 160 ერთეული Ethereum;
  • 2019 წელს 21 000 დოლარად შეძენილი 5 ერთეული Bitcoin;
  • 2020 წელს 19 000 დოლარად შეძენილი 1 500 ერთეული Binance Coin;
  • 2020 წელსვე 18 600 დოლარად შეიძინა 150 ერთეული Ethereum.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ანუ 2024 წლის იანვარში ნიკოლოზ ლალიაშვილის დანაზოგი იყო 1 150 დოლარი, მაკა ლალიაშილის კი 3 150 დოლარი.

ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: ნიდერლანდებში რეგისტირებულ Spacefoods Holding B.V. – 50%-ს, შპს რობოსითი – 16.7%-ს და შპს ჯეორობოტი-ს 25%-ს. მაკა ლალიაშილი კი შპს ვინტაჟი საქართველოს წილის 100%-ის მფლობელია.

ლალიაშვილი ყაზახეთში ელჩობის დროს სახელფასო სარგოს სახით წლიურად 78 000 დოლარს და 6 367 ლარს იღებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *