რა ღირს ბახმაროში დასვენება?

რა ღირს ბახმაროში დასვენება?
სასტუმრო „პანორამა ბახმაროს“ მფლობელის გიორგი კეჭაყმაძის ინფორმაციით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კურორტზე დარჩენის ღირებულება ორადგილიან ნომერში დილის საუზმით 150-დან 250 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, 1-კვირიანი ტურის ფასი 2 500 ევროდან იწყება.

როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ზაფხულის სეზონზე დამსვენებლების 70% ადგილობრივი, ზამთარში კი ევროპელია.

„ზამთრის სეზონი კარგი იყო ხუთივე კომპანიისთვის ვინც სეზონზე ვოპერირებთ. აქტივობაა ევროპის მხრიდან, მათგან, ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი მოსწონს, ვინც ალპებში და იაპონიაში სრიალებს. ჩვენს მაგალითზე 111 ადამიანს ვუმასპინძლეთ და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობაში ცოტაა, ჩვენთვის მაინც კარგი რიცხვია. მომავალ წელს 250-300 ადამიანს ველით, 200 ადამიანზე ჯავშანი უკვე გვაქვს. ერთი ადამიანი სამომავლოდ ათს ნიშნავს, რადგან ყველა კამერით იღებს, საკმაოდ კარგი გიდებიც გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ ის ხუთი კომპანია, რომელიც ვმუშაობთ აქ, ვეწევით კურორტის რეკლამასაც.

რაც შეეხება ზაფხულს, სამი კვირაა რაც ბახმაროში ზაფხულის სეზონი გავხსენით. ზამთარი ცხადია უფრო ძვირია. 1 კვირის ფასი ზამთარში 2500 ევროდან იწყება, აქ შედის ტრანსფერი, განთავსება, კვება, სრიალი, გიდის მომსახურება. რაც შეეხება ზაფხულს, ერთი ნომრის ღირებულება 150 ლარიდან 250 ლარამდეა ორადგილიან ნომერში დილის საუზმით. ზაფხულში დამსვენებლების 60-70% ქართველია.

ჩვენ გვყავს ჩვენი სტუმრები, ოთხი წელია ვართ და ეს ადამიანები სისტემატურად ჩამოდიან ჩვენთან. ვცდილობთ სერვისების რაოდენობის ზრდასაც. გასულ წელს ცხენტური გვქონდა, წელს ვამატებთ ელექტრო მთის ველოსიპედებს, ამისთვისაც კარგი რელიეფი აქვს ბახმაროს. სამი ჯავშანი მაქვს აგვისტოში ესტონელი და ავსტრიელი მეგობრების მხრიდან რომლებთან ერთადაც ამის პოპულარიზებასაც ვაპირებთ. ასევე ტურებს ვგეგმავთ ბახმარო -გომის თმა- მწვანე ტბაზე, ველურ ბუნებაში იქნებიან ადამიანები და გვგონია, რომ სამდღიანი ლაშქრობებიც ამ ლოკაციებზე სტუმრებისთვის იქნება საინტერესო.“ – განაცხადა კეჭაყმაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *