ბაქოში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო დაჯილდოება Baku Flames – International Festival of Creativity and Effectiveness ჩატარდა, რომელზეც ქართული კრეატიული სააგენტო Playmakers შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი. რა შედეგებით დაბრუნდა კომპანია საქართველოში, ამის შესახებ BMG-სთან მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ლორთქიფანიძემ ისაუბრა.
“BAKU FLAMES წელს პირველად ჩატარდა. ეს არის შემოქმედებითი ინდუსტრიის ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოები იღებენ მონაწილეობას. ვფიქრობთ დიდი პერსპექტივა აქვს მომავალში ამ ფესტივალს და ზოგადად ინდუსტრიას აზერბაიჯანში, ამიტომ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა რეგიონისთვის.
Playmakers 7 ნომინაციაში მოვხვდით მოკლე სიაში და საბოლოოდ 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო დავიმსახურეთ, “თიბისი”-ს და “პსპ”-ს კამპანიებისთვის. ასევე, მოვხვდით ფესტივალის მონაწილე სააგენტოების რეიტინგის ხუთეულში. ჩვენთვის საინტერესო გამოცდილება იყო, ბაქოს ვესტუმრეთ ჩვენს პარტნიორ Enkeny Films-ის წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდით ადგილობრივ სააგენტოებს, გავცვალეთ გამოცდილება და ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც, ვფიქრობთ, დაგვეხმარება რეგიონის მასშტაბით კონტაქტების გაღრმავებაში”, – ამბობს მარიამ ლორთქიფანიძე.
პროექტები და კატეგორიები, რომლებშიც Playmakers-მა ჯილდო მოიპოვა:
ვერცხლი: Film/Local Culture – “საიდან მოდიან ყოჩივარდები” – TBC
ბრინჯაო: Film/Viral Videos – “დღე პირველი, დღე დამოუკიდებელი” – TBC
ბრინჯაო: Film/Social Films – “ქალები, რომლებსაც გაზაფხული მოჰყავთ” – TBC
ბრინჯაო: Film/Cinematography – “მე ვარ გოგო” – PSP
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი ფესტივალზე ჟიურის შემადგენლობაშიც იყო. როგორც ის აღნიშნავს, ჟიურის წევრობამ სააგენტოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცა.
“საკმაოდ სასიამოვნო გამოცდილება იყოს ჟიურის წევრობა, ვაფასებდი კატეგორიას connect&engage, სადაც ისევე როგორც მთლიანად ფესტივალზე, განსაკუთრებული მოწონება უკრაინულმა სააგენტოებმა დაიმსახურეს. ჟიური მთლიანად საერთაშორისო იყო და შესაბამისად, საინტერესო იყო სხვადასხვა კულტურის ჭრილში ამა თუ იმ კამპანიის განხილვა. ასევე, მათი შეფასების მოსმენა ქართულ პროექტებთან მიმართებაში, ვფიქრობ, საინტერესო “ინსაითებს” იძლევა. მოკლედ რომ შევაჯამო ჟიურის პრეფერენციები, ალბათ ეს იყო უნიკალური და ავთენტური კულტურული ელემენტების შემოტანა თანამედროვე მედიუმებში”, – აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძემ.
ბაქოში BAKU FLAMES-ის საერთაშორისო ფესტივალი 2-3 მაისს ჩატარდა. როგორც Playmakers-ის მმართველი პარტნიორი BMG-სთან აღნიშნავს, საქართველო ფესტივალზე შთამბეჭდავად წარდგა და ჯილდოს მოპოვება ყველა ქართულმა სააგენტომ შეძლო.