ღონისძიების მთავარი განსახილველი თემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები იყო, რომელმაც გლობალურ ვაჭრობაში არეულობა და გაურკვევლობა გამოიწვია. არსებული ქაოსის ფონზე, IMF-მა 2025 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.3%-დან 2.8%-მდე შეამცირა, ხოლო აშშ-ის ზრდის პროგნოზი 2.7%-დან 1.8%-მდე შეცვალა.
IMF-ის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ გაურკვევლობა ბიზნესისთვის საზიანოა და რაც უფრო მალე გაიფანტება ეს ბურუსი, მით უკეთესი იქნება ეს გლობალური ზრდის პერსპექტივისთვის.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყურადღება დაეთმო, ჭარბვალიანობას უკავშირდებოდა. IMF-ის პროგნოზით, გლობალური ვალის მოცულობა ათწლეულის ბოლოსთვის პლანეტის მშპ-ის 100%-ს მიუახლოვდება, რაც ფინანსური რისკების ზრდას გამოიწვევს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
ტრადიციულად, საგაზაფხულო შეხვედრებზე განხილვის საგანი იყო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როლი კლიმატის ცვლილების საკითხებში. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა IMF-სა და მსოფლიო ბანკს მოუწოდა, თავიანთ ძირითად ეკონომიკურ მანდატებზე მოახდინონ კონცენტრაცია და კლიმატური საკითხები გვერდზე გადადონ. თუმცა, გეორგიევამ დაიცვა კლიმატის საკითხების მნიშვნელობა და გარემოს ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია უმნიშვნელოდ მიიჩნევს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით არაპროდუქტიული იყო, რადგან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და აშშ-ის მთავრობას შორის სტრატეგიულ დონეზე სრული აცდენაა და ასეთ პირობებში ცვლილებებზე საუბარს არავითარი აზრი არ აქვს.