ექსპერტებს შორის არსებული არაერთი კითხვის და საერთაშორისო ფინანსური ინსტუტების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ორი აპრილიდან ამოქმედდება. ამ ეტაპზე, დადასტურებულ ტარიფებს შორის არის, როგორც ფოლადის და ალუმინის იმპორტზე არსებული 25%-იანი გადასახადი, ასევე კანადისთვის და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფი და ჩინეთისთვის 20%-მდე გაორმაგებული გადასახადი. ხვალიდან აგრეთვე ამოქმედდება იმპორტულ ავტომობილებზე და სათადარიგო ნაწილებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფი, რომელსაც ასევე დაემატება საპასუხო ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ისთვის ტარიფების დაწესებას გადაწყვეტენ.
როგორც სავაჭრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, მხოლოდ ავტოინდუსტრიისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფით, აშშ-ის ხელისუფლება $100 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. ამ ტარიფმა, თეორიულად, ამერიკული და ამერიკაში წარმოებული ავტომობილები იმპორტულ მანქანებთან შედარებით მეტად საინტერესო შემოთავაზებად უნდა აქციოს, რითაც, სულ მცირე ფურცელზე, ამერიკული კომპანიების შემოსავალი გაიზრდება. თუმცა აშშ-ის ხელისუფლება აქ არ ჩერდება და ამერიკული ავტომობილების მყიდველებისთვის საგადასახადო შეღავათებს აანონსებს. პიტერ ნავაროს შეფასებით ეს იქნება ყველაზე დიდი საგასახადო შეღავათი, რომელიც საშუალო ფენისთვის ოდესმე დაწესებულა.
საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ და დასაწესებელ ტარიფებს განსხვავებულად აფასებენ “ამერიკის სავაჭრო პალატაში”. ორგანიზაციის შეფასებით, ამერიკას და ევროკავშირს შორის დაწყებული სავაჭრო ომი გლობალურ ეკონომიკას $9.5 ტრილიონი დოლარის ზიანს მოუტანს. მათივე თქმით, ქვეყნებს შორის არსებულმა დაძაბულობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს არა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების გაცვლა, არამედ ტრანსატლანტიკური ინვესტიციების დინებაც. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, რომელთა ეკონომიკური კავშირები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს სტატისტიკურად ჩანს.