რა წერია PACE-ის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც კენჭი ხვალ უნდა უყარონ

PACE-ში საქართველოზე დებატები და დელეგაციის უფლებამოსილებაზე კენჭისყრა 10 აპრილამდე გადაიდო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელსაც კენჭს ხვალ, 10 აპრილს უყრიან.

ამავე დღეს ასამბლეა იმსჯელებს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე. იმის მიუხედავად, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც PACE-მა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. იანვარში მიღებულ რეზოლუციაშია მოთხოვნილია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას PACE-ში შეზღუდული უფლებამოსილება აქვს. ასამბლეამ მის სრულად ცნობაზე, ან პირიქით, გაუქმებაზე უნდა იმსჯელოს იმის მიხედვით შეასრულა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” რეკომენდაციები, რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა. რეზოლუციის პროექტი 14 პუნქტისგან შედგება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს, რომ ქართულმა დელეგაციამ PACE-ში მუშაობა შეწყვიტა და დიალოგზე უარი თქვა. რეზოლუციაში ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი, სადაც ჩართულები იქნება ყველა მხარე, მათ შორის ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება იმისთვის, რომ სასწრაფოდ აღმოიფხვრას წინა საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას პირობები დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამისთვის PACE გასცემს რეკომენდაციას, გაუქმდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ბოლო პერიოდში შეცვლილი კანონმდებლობით, რომლითაც ცესკოს წევრების არჩევის წესი შეიცვალა, ხოლო კანონიდან ამოიღეს მოთხოვნა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართულები. პროექტში წერია, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას კიდევ უფრო უთხრის ძირს.

ამას გარდა, რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაკავებებით. ასევე საუბარია სოლიდარობის მიზნით შექმნილი ფონდების დაყადაღებასა და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე. ამ რელოზოლუციითაც მოწოდებულია ყველა დაკავებულის გათავისუფლება. ასევე შეშფოთებაა გამოთქმული ცნობებზე იმის შესახებ, რომ დემონსტრაციების დროს დაკავებულები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. PACE-ი ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ასეთი საკითხი ეფექტიანად იქნეს გამოძიებული. რეზოლუციის პროექტში მოხვდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიაც დაკავებაც და დაგმობილია მის მიმართ წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩადენილი ქმედებები.

PACE ქართულ ოცნებას აკრიტიკებს ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების გამო და მათ გაუქმებას მოითხოვს, მათ შორის არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოში მედიის მდგომარეობაც უარესდება. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება კანონზე, რომელიც მედიებს უკრძალავს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დაფინანსების მიღებას უცხოეთიდან. აქვეა აღნიშნული, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის კომუნიკაციების კომისიის ბერკეტებს, ჩაერიოს მედიების შინაარსობრივ საქმიანობაში. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ თავად კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რეზოლუციის პროექტში უარყოფითადაა შეფასებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და აღნიშნულია, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზა დაუცველს ტოვებს სახელმწიფო მოხელეებს. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვების გამო. PACE შეშფოთებას გამოთქვამს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღების გამოც. ასამბლეის შეფასებით, ამ კანონს იგივე მიზნები აქვს, რაც რუსულ კანონს ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამკაცრებულია მიდგომა დაუმორჩილებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია მმართველი პარტიის განცხადებით აკრძალოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა.

რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი იქნეს დაძლეული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *