ამგვარად, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დარჩენილი ბოლო გაურკვევლობა, ამ დროისთვის სრულად აღმოიფხვრა. გიბრალტარი ბრიტანეთის ტერიტორიად რჩება, მაგრამ იქ მცხოვრები ადამიანები ევროკავშირის პრივილეგიებით ისარგებლებენ.
შეთანხმება უმეტესწილად ადამიანების და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას უკავშირდება. ამიერიდან, გიბრალტარის სახმელეთო საზღვარზე, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 15,000 ადამიანი კვეთს, რეგულარული კონტროლი აღარ დაწესდება. აღნიშნული ეხება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ათასობით მუშაკს, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ, მაგრამ გიბრალტარში მუშაობენ.
საინტერესოა, რომ გიბრალტარში მიმავალი ბრიტანელები, რომლებიც იქ არ ცხოვრობენ და შესაბამისად არარეზიდენტები არიან, შენგენის ზონის წესებს დაექვემდებარებიან, ანუ თუ ბოლო 180-დღიან პერიოდში მათ შენგენის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი დაჰყვეს, გიბრალტარის მესაზღვრეებმა, შესაძლოა, ისინი ქვეყანაში არ შეუშვან. სასაზღვრო პოლიციის როლს გიბრალტარი და ევროკავშირი ერთად უხელმძღვანელებენ.
გიბრალტარი ასევე შეუერთდება საბაჟო კავშირს, რაც ნიშნავს, რომ საქონლის მოძრაობა ევროკავშირის წესებით გაკონტროლდება. ამასთან, მიღწეულია შეთანხმება გიბრალტარში არაპირდაპირი საგადასახადო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, მათ შორის თამბაქოზე, რაც რეგიონის ეკონომიკურ მდგრადობას ხელს შეუწყობს და საბაჟო სივრცის ბოროტად გამოყენების შემთხვევებს აღმოფხვრის.