Exploding Topics-ის გამოთვლებით, ყოველდღიურად 402.74 მილიარდი გიგაბაიტი დატა გენერირდება. მეტიც, მონაცემების გენერირების ტემპი 2010 წლიდან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და, როგორც Statista გვეუბნება, მსოფლიოში შენახული მონაცემების 90% მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა.
კატეგორიების მიხედვით, მონაცემთა გლობალური ტრაფიკის 53.72% ვიდეოებზე მოდის. კონტენტის ეს ფორმა სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ამას TikTok პლატფორმის, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში ვიდეოკონტენტის წილის ზრდა ადასტურებს. სოციალურ და “გეიმინგ” კატეგორიებთან ერთად, ეს სამი მიმართულება ინტერნეტში გენერირებული მონაცემების 75%-ზე მეტზე არიან პასუხისმგებლები.
კატეგორია | ინტერნეტ-ტრაფიკის წილი |
ვიდეო | 53.72% |
სოციალური |
12.69% |
გეიმინგი | 9.86% |
ვებ-ბრაუზინგი | 5.67% |
შეტყობინებები | 5.35% |
რა ხდება ინტერნეტში 24 საათში?
ინტერნეტაქტივობის ყველაზე გავრცელებული და კომუნიკაციის დომინანტი ფორმა ელექტრონული ფოსტაა – ყოველდღიურად 333 მილიარდი ელ-შეტყობინება იგზავნება, საიდანაც თითქმის ნახევარი, 152 მილიარდი, სპამია.
ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღიურად 24,04 მილიარდ შეტყობინებას გზავნიან, იყენებენ Google-ს წუთში 5 მილიონ 900 000-ჯერ, რაც დღეში 8,5 მილიარდ საძიებო სესიას უდრის.
Snapchat-ის მომხმარებლები ყოველდღიურად საშუალოდ 3,5 მილიარდ “სთორის” აზიარებენ, Facebook-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობა კი 24 საათში 2,4 მილიარდს აღემატება.
პოპულარობით სარგებლობს გაცნობის აპლიკაცია Tinder-იც, რომელსაც 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ისინი ყოველდღიურად 1.5 მილიარდ კანდიდატს აფასებენ და მარჯვნივ “სვაიპით” მათი გაცნობის სურვილს გამოხატავენ.
ციფრული კომუნიკაციის პოპულარულ ფორმად რჩება X-იც. პლატფორმაზე დღე-ღამეში თითქმის 500 მილიონი “ტვიტი” იდება.
კოვიდპანდემიის შემდეგ Zoom-ის პლატფორმა ვირტუალურ მუშაობასთან ასოცირდება. ერთი დღის განმავლობაში Zoom-ის შეხვედრებზე ადამიანები 150 მილიონზე მეტ საათს ხარჯავენ.
1.44 მილიარდ საათს ატარებენ ინტერნეტმომხმარებლები ვიდეო კონტენტის ყურებაში.
მონაცემები, რომლებსაც ინტერნეტმომხმარებლები აგენერირებენ, დატა ცენტრებში ინახება. ამ ინფრასტრუქტურით მსოფლიოში დღეს აშშ ლიდერობს, სადაც 10-ჯერ მეტი მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
ქვეყანა | მონაცემთა ცენტრები |
აშშ | 5 426 |
გერმანია | 529 |
გაერთიანებული სამეფო | 523 |
ჩინეთი | 449 |
კანადა | 337 |
ინტერნეტ-მონაცემთა გენერირება დღეს რეკორდულ ტემპებს აღწევს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებლები ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება. მონაცემთა ცენტრები იტვირთება მომხმარებლის მიერ ისეთი მარტივი ოპერაციის შესრულებითაც, როგორიც ბმულზე “დაკლიკებაა”. ეს მუდმივი ციკლია, რაც გლობალურად დატა ცენტრებზე მოთხოვნასაც ზრდის.