დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი შენობის წინ რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ წაიკითხა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „რეალური სივრცის“ გუნდს წერილობით აცნობა, რომ რადგან გადაცემის წამყვან ნინო ზაუტაშვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა, ტოქშოუს გაგრძელება აღარ იგეგმება. გუნდის წევრებს შესთავაზეს, მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, საიტზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში.
“30 აპრილს საზმაუს მენეჯმენტმა გადაცემა “რეალური სივრცის” გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება: იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა თოქშოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს “რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე, ჩვენ შემოგვთავაზეს, მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში.
ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას – ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. “რეალური სივრცე” 12 წლის წინ შეიქმნა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკურ ოფიციოზს შორის თანასწორი დისკუსიის შესაძლებლობა და ველი შეგვექმნა.
[…] მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. ამიტომ, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი – საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი გადაცემა, “რეალური სივრცე” და უკანონოდ გაუშვა გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი. […] სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი სიმართლის თქვენამდე მოტანაა, გადაცემა “რეალური სივრცის” გუნდს ამ არხზე ეს შესაძლებლობა აღარ აქვს”. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლა.
ფოტო: მედიაჩეკერი